გერმანიის ბუნდესლიგის 2018-2019 წლების სეზონი დაიწყო. დაიწყო ჩემპიონ „ბაიერნის“ გამარჯვებით, რომელსაც „ჰოფენჰაიმთან“ გაუჭირდა, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართელებენ - ნიკო კოვაჩს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.
გერმანიაში წლებია ტრადიციაა - სეზონს ჩემპიონი ხსნის. ახლაც ასე იყო, „ალიანც არენაზე“ „ბაიერნმა“ ზინსჰეიმის „ჰოფენჰაიმი“ მიიღო და ვერ გამოდგა მთლად კარგი მასპინძელი - უქულოდ გაუშვა სახლში სტუმარი გუნდი. არადა, შეეძლო, „ჰოფეს“ ქულა მოეპოვებინა მრისხანე მეტოქესთან, თუმცა ბოლო წუთებში გატყდა და ვერ გაძლო.
მთლიანობაში „ბაიერნი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ანგარიში პირველივე ტაიმში გაიხსნა. ახალი სეზონის პირველი გოლი კი ტომას მიულერის აქტივშია. გერმანელმა შემტევმა ჯოშუა კიმიხის კუთხურს თავი ჩინებულად და რაც მთავარია, შედეგიანად შეაგება. „სოფლელებმა“ მეორე ტაიმის სტარტზევე გაქვითეს. ადამ სჟალაიმ დიდებულად ითამაშა საჯარიმოში, ჟერომ ბოატენგს ადვილად გაუსწორდა და არც დაბრუნებულ მანუელ ნოიერს მისცა შანსი. იულიან ნაგელსმანის გუნდი სასურველ ანგარიშს ინარჩუნებდა და საქმე ისე მიდიოდა, რომ საფინალო სასტვენამდე არაფერი უნდა შეცვლილიყო. მაგრამ, ბოლოსკენ „ბაიერნმა“ მეტად მოინდომა, ზეწოლა გაზარდა და შედეგსაც მიაღწია. ფრანკ რიბერის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ გააცუდა, მაგრამ არიენ რობენმა მაინც დაამატა. და მაინც, ჰოლანდიელი გოლის ავტორი ამ ეპიზოდში ვერ გახდა. მომენტი ვიდეორეფერთან გადამოწმდა და დადგინდა, რომ სტუმართა კიპერი ბაუმანი წესებს არღვევდა. შედეგად, მსაჯმა ლევანდოვსკის პენალტი გაამეორებინა და პოლონელმა ამჯერზე ზუსტად დაარტყა. ბუნდესლიგაში პირადი ანგარიშიც გახსნა. მალავე, ტომას მიულერმა გაიტანა გოლი და თითქოს დუბლი მიითვალა. თუმცა საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო და გერმანელზე ხელის თამაში დაფიქსირდა. გოლიც გაუქმდა. მიუხედავად ყველაფრისა, ნიკო კოვაჩის გუნდმა მაინც გაიტანა მესამე. მიულერმა ამჯერზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თავისი გოლი არიენ რობენმა მაინც შეაგდო - 3:1.
„ბაიერნმა“ დაიწყო და დაიწყო ბუნდესლიგაც. პირველი ტური კი შაბათს გაგრძელდება და კვირას დასრულდება.
„ბაიერნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 3:1 (1:0) VIDEO
მიუნხენი, „ალიანც არენა“
მაყურებელი: 75 000
„ბაიერნი“ (4-1-2-3): ნოიერი; კიმიხი, ზულე, ბოატენგი, ალაბა; ხავი მარტინესი (გორეცკა 67); მიულერი, ტიაგო ალკანტარა; კომანი (რობენი 45), ლევანდოვსკი, რიბერი (ხამესი 83)
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი
„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; ნუჰუ (აკპოგუმა 67), ვოგტი (ნორდვეიტი 74), ბიჩაკჩიჩი; კადერაბეკი, ბიტენკურტი, გრილიტში, გრიფო (ცუბერი 46), შულცი; ჟოელინტონი, სჟალაი
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
გოლები: 1:0 მიულერი (23), 1:1 სჟალაი (57), 2:1 ლევანდოვსკი (82, პენ), 3:1 რობენი (90)
გაფრთხილება: მიულერი (45) - ნუჰუ (21), ბიტენკურტი (29), კადერაბეკი (43), შულცი (45)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 8 (5) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: ბასტიან დანკერტი