საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში ალიაჟ ბედენეს შეხვდება. ქართველი და სლოვენიელი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, 2014 წლის ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ალიაჟმა ნიკოლოზი 6:3, 6:3 დაამარცხა.
სლოვენიელი ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 78-ე ადგილზე იმყოფება, ნიკოლოზი კი - 36-ზე. ბედენემ ბოლოს ჰამბურგში იასპარეზა და პაბლო კარენო ბუსტასთან შეხვედრა ტრავმის გამო ვერ დაასრულა. ამავე ტურნირი ქართველმა მოიგო და მას შემდეგ ნიკოლოზმა ორ ჩემპიონატზე იასპარეზა: კიცბუელში ლასლო დიერისთან დამარცხდა, ხოლო 21 აგვისტოს უინსტონ-სეილემის პირველ წრეში მატეო ბერეტინისთან წააგო.
იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი ბედენეს ბარიერს გადალახავს, შემდეგ ეტაპზე ჯეკ სოკსა და გვიდო ანდრეოცის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯერჯერობით ნიკოლოზის და ალიაჟის შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო უცნობია.
ამერიკის ღია ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და საპრიზო თანხა 53 მილიონი დოლარია. ტურნირის პირველი ნომერი რაფაელ ნადალია, მეორე კი - როჯერ ფედერერი.