ფეხბურთი

22:57 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაულო აუტუორი: “ტორპედოს” ვულოცავ კარგ თამაშს”

ბულგარული “ლუდოგორეცის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო აუტუორიმ “ტორპედოსთან” (1:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მეტოქეს აჯობა, თუმცა ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.

“პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და “ტორპედოსაც” ვულოცავ კარგ თამაშს, რადგან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო, მაგრამ გამოვარჩევ მეტოქის მეკარეს (როინ კვასხვაძე – ავტ). რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო, საპასუხო თამაში წინაა და ყველაფერი იქ გაირკვევა. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და მომდევნო თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.

ჩემმა გუნდმა სწორად თამაში ვერ დაიწყო, რადგან დაახლოებით 25-ე წუთამდე ჩვენს გეგმას ვერ გავყევით. ვფიქრობ, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და ბურთზე კონტროლი უფრო მეტად დავამყარეთ. კიდევ ვიმეორებ, რომ წინ მეორე შეხვედრაა და სრული კონცენტრირება გვმართებს.

ჩვენ ოთხი დღის წინ სოფიის ცსკა-სთან გვქონდა მატჩი, დაბალი ტემპიც შესაძლოა ამის ბრალი იყო. შეგვეძლო უფრო სწრაფადაც გვეთამაშა, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა”, - განაცხადა აუტორიმ.

“ტორპედოსა” და “ლუდოგორეცს” შორის საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის თავზე ბულგარეთში გაიმართება.

0.11858