ფეხბურთი

23:01 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "ვიზის პრობლემა ჩვენც გვაქვს, მაგრამ ეს "კუკეშის" ბრალი არაა"

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა “კუკეშთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად სოლიდური უპირატესობისა, მის გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს და კონცენტრირებული ითამაშებს.

გარდა ამისა, ჩხეტიანი სავიზო პრობლემებსაც შეეხო, რომელიც უკვე “ტორპედოსაც” შეექმნა, მაგრამ ალბანელებისგან განსხვავებით მოწინააღმდეგე არ დაუდანაშაულებია.

“ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი ანგარიში მოვიგებდით, რადგან მანამდე ჩვენ ვნახეთ მეტოქის თამაში და საკმაოდ პრაგმატულად თამაშობდნენ, კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.

მინდა მასპინძლებს მადლობა გადავუხადოთ სტუმართმოყვარეობისთვის, ასევეა სასტუმროში, სადაც ვართ. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია აქ ყოფნის განმავლობაში. მართალია, ჩვენს ფეხბურთელსაც შეექმნა ვიზაზე პრობლემა, მაგრამ ამას თავისი რეგულაციები აქვს. ჩვენ რომ შეგვეძლოს ვინმეზე ვიზის გაცემა, დაკავშირებისთანავე გავცემდით, მაგრამ ასე არაა. როდესაც ჩვენამდე მოთხოვნა მოვიდა, მაშინვე ფედერაციას დავუკავშირდით და ფედერაციამ შესაბამის სტრუქტურებს აცნობა და უმოკლეს დროში გადაწყვიტეს ეს ყველაფერი.

ჩვენც ორი კვირის წინ შევიტანეთ ვიზის მოთხოვნა, მაგრამ ჩვენს ორ ლეგიონერს (არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს – რედ) პრობლემა შეექმნა. თუმცა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში კლუბს არ დავადანაშაულებთ, რადგან “კუკეში” არაფერ შუაში არაა.

“კუკეში” ძალიან კარგი გუნდია და ამ ანგარიშმა მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს. ბევრი მაგალითი გვაქვს ნანახი, როდესაც ამაზე უკეთესი უპირატესობა ჰქონიათ გუნდებს, მაგრამ გამოვარდნილან. ამიტომ, ხვალინდელ თამაშზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები გავალთ მოედანზე”, - განაცხადა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ “ტორპედომ” თბილისში, 5:2 მოიგო. ხვალინდელი თამაში კი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.114355