ფეხბურთი

13:40 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული სუპერთასი

დღეს, 2018-2019 წლების სეზონის ევროსარბიელზე პირველი ტიტული გათამაშდება – ევროპის სუპერთასი. ტალინში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “რეალი” ევროპა ლიგის ტრიუმფატორ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

თავიდან იმას გეტყვით, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის სუპერთასს ერთი ქალაქის გუნდები გაითამაშებენ. ორივე გუნდისთვის ახალი სეზონი სწორედ დღეს იქნება და როგორ ფორმაში არიან, ამაზე საუბარი ძნელია. ისე კი, მოსამზადებელ ეტაპზე “რეალმა” 4 შეხვედრა ჩაატარა და სამი მოიგო. მოუგო რა, “იუვენტუსს”, “რომასა” და “მილანს”, ხოლო იქამდე “მანჩესტერთან” დამარცხდა.

თავის მხრივ, “ატლეტიკომ” ოდენ “კალიარი” დაამარცხდა, “ინტერთან” და პსჟ-სთან დამარცხდა და “შტუტგარტსა” და “არსენალთან” ფრეს გამორჩა. კიდევ ერთი ინტრიგა: მადრიდის “რეალი” კრიშტიანუ რონალდუს გარეშე. საინტერესოა, როგორი იქნება ახალი ფორმაციის “სამეფო კლუბი”. დღესვე დებიუტი ექნება ხულენ ლოპეტეგის, რომლის დანიშვნას დიდი გამოხმაურება და სკანდალიც მოჰყვა (ესპანეთის ნაკრებიდან დათხოვნა).

“რეალი” და “ატლეტიკო” ესპანურ ასპარეზზე ბევრჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. თუმცა, არც ევროტურნირებზე გვაქვს მათი დაპირისპირებების ნაკლებობა. 9 მატჩიდან “რეალმა” 5 მოიგო, 2 წააგო და ორჯერაც ფრე დაფიქსირდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2014 და 2016 წლებში, ჩემპიონთა ლიგის ფინალები. ორივე შემთხვევაში თასი “რეალს” დარჩა, რომელმაც მტერი ჯერ დამატებით დროში, მერე კი პენალტების სერიაში დაამარცხა.

ხულენ ლოპეტეგი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, გამაჯვება გვსურს და ამისთვის მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელი იქნება, რადგან შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. “ატლეტიკო” დიდი გუნდია, რომელსაც ფანტასტიკური მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. რაც მთავარია, წლებია სწორი მიმართულებით მიდის. რთული თამაში იქნება, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ეს ფინალია საუკეთესო ერთი იქნება. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და გავაკეთოთ ყველაფერი “ატლეტიკოს” დასამარცხებლად”.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “გვინდა, რომ გასული სეზონის შედეგი გავაუმჯობესოთ. “რეალს” ჩვენგან გასნხვავებული სტილი აქვს და ბურთის კონტროლი უყვარს. ლოპეტეგის იგივე ფილოსოფია ჰქონდა ესპანეთის ნაკრებშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციების კონტროლი იქნება. ჩემი გუნდი მზადაა სათამაშოდ”.

სავარაუდო შემადგენლობა:

ტალინი, “ლე კოკ სთედიუმი”

15 აგვისტო, 23:00 საათი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, ისკო; ბეილი, ბენზემა, ასენსიო

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

“ატლეტიკო” (4-3-3): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, საული, როდრიგო; ლემარი, გრიზმანი, დიეგო კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

იცით თუ არა, რომ...

"რეალს" შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი ისტორიაში, რომელიც ზედიზედ სამჯერ მოიგებს ევროპის სუპერთასს. თავის მხრივ, "ატლეტიკოს" ამ თასისთვის ორჯერ აქვს ნათამაშები და ორჯერვე გამარჯვება მოიპოვა.

0.287467