ბლოგი

11:50 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

განსაკუთრებული სერია “ა“-ს მოლოდინში

არასოდეს დამავიწყდება 1999-2000 წლის საფეხბურთო სეზონი. კონკრეტულად კი 2000 წლის წლის გაზაფხული იყო, როდესაც ფლორენციის “ფიორენტინას“ ლეგენდარულმა შემტევმა, არგენტინელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ “მილანთან“ შეხვედრაში ყოვლად უცნაურ ვითარებაში მძიმე ტრავმა მიიღო (მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა) და ფლორენციული კლუბი ასე გამოეთიშა მისთვის მეტად ისტორიულ - იტალიის ჩემპიონობისათვის გაჩაღებულ მარათონს. საბოლოო ჯამში “იები“ საჩემპიონთალიგო ოთხეულში ძლივს შევიდნენ და ფლორენციელთა დიდი ოცნებებიც დასრულდა.

ამ ამბიდან 18 წელზე მეტი გავიდა და იტალიური ფეხბურთის მტერიცა და მოყვარეც აღიარებს, რომ აპენინების უპირველესი საფეხბურთო პირველობის დონე და ხარისხი წლიდან-წლამდე ეცემოდა. კონკრეტულ შემთხვევებში იყო ცალკეული გამონათებები, (მაგალითად “მილანი“-“იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ჟოზე მოურინიოს მიერ “ინტერში“ დატრიალებული სასწაულები) მაგრამ საკუთრივ სერია “ა“-ს დონე უკან-უკან მიდიოდა და ცნობილი ფეხბურთელები იტალიაში წასვლისგან სულ უფრო მეტად იკავებდნენ თავს.

უკანასკნელ წლებში ჩვენი პლანეტის დიდმა და ყოვლისშემძლე ბიზნესმა იტალიისკენაც მოიხედა და აპენინურ კლუბებშიც დაიწყო აურაცხელი ინვესტიციის “ჩასხმა“. იტალიაში ტრადიციად ქცეცული, ოჯახურ ბიზნესებზე მორგებული საფეხბურთო კლუბების მართვის სტილს ყავლი გაუვიდა და მორატების, ანიელებისა თუ ბერლუსკონების ოჯახთა წარმომადგენლებიც მიხვდნენ, რომ ასეთი მართვით იტალიელები ვეღარასოდეს გახდებოდნენ კონკურენტუნარიანები მაშინ, როდესაც ბრაზილიელ ნეიმარში ფრანგები უკვე 220 მილიონ დოლარზე მეტს იხდიდნენ.

ჩვენ მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს იმის მიუხედავად, საბოლოო ჯამში იტალიელებმაც გაიხსენეს “ძველი და კარგი დრო“ და წელს უკვე მათაც შეძლეს დიდ-დიდი, გრანდიოზული ტრანსფერების გაჩარხვა და ამ ტრანსფერებში ცხადია მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ტურინის “იუვენტუსში“ გადაბარგებას არ ვგულისხმობთ. თუმცა, საკუთრივ ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ იტალია თავისი “კუთვნილი“ადგილის დასაკავებლად ემზადება და 2017-2018 წლის არამხოლოდ ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირი, არამედ თავად იტალიის ჩეპიონატიც შეიძლება გამორჩეული და დაუჯერებელი საფეხბურთო სიურპრიზების ალაგი გახდეს.

არავინ დავიბს იმაზე, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული ტურინული გიგანტი კვლავ ეცდება სკუდეტოს მოპოვებას და ეს ის კლუბია, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროსაც კი ტიტულებისათვის იბრძვის. ტურინელებს წელს სავარაუდოდ კვლავ დიდ კონკურენციას გაუწევენ მისი ბოლო წლების მთავარი მეტოქეები - დედაქალაქური “რომა“ და სამხრეთაპენინური “ნაპოლი“. ორივე ამ კლუბმა საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით შეივსეს შემადგენლობა. წელს როგორც ბოლო წლებში არასდროს, ამბიციებით დაიხუნძლა “მილანი“ და შავ-წითლები მინიმუმ საჩემპიონთალიგო ოთხეულისთვის მაინც იბრძოლებენ. შარშან შესანიშანავად თამაშობდა სიმონე ინძაგის მიერ გაწვრთნილი რომის “ლაციო“ და წელსაც ამ გუნდისგან ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი. ამბიციები არც “ინტერს“ აკლია. “ფიორენტინა“, “ატალანტა“ და “ტორინო“ კი ის კლუბები არიან, რომლებთანაც ნებისმიერ გრანდს დაუკარგავს ქულები და მათთან წელსაც არავინ უნდა იოცნებოს ადვილად გასეირნებაზე.

მოკლედ, სულ მალე იტალიაში განსაკუთრებულად საინტერესო საფეხბურთო სეზონი იწყება და ვინ იცის, იქნებ დაბრუნდეს კიდეც ის დრო, როდესაც საშუალო დონის “ფიორენტინაში“ ბატისტუტას დონის დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და ასეთი კლუბები ჩემპიონობაზე ოცნებასაც კი “ბედავდნენ“.

0.132235