ქართველებმა მედლის შანსები ნაადრევად დაკარგეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბუდაპეშტის გრან პრის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. მამაკაცთა შორის მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ ტატამზე ფრიდონ გიგანი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) გავიდნენ და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ორივემ დილის პროგრამაში დაკარგა.
გიგანმა გრან პრი იაპონელ მასაში ებინუმასთან დაჭიდებით დაიწყო და დაასრულა. რეხვიაშვილმა კი რუმინელი ელემერ სზოკსისა და ბულგარელი ივაილო ივანოვის ძლევის შემდეგ, მერვედფინალში ბელგიელ სემი ჩოუჩთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია - ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ მოპოვებული ბრინჯაო. ხვალ მამაკაცებში ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ). ოთარ მაღლაკელიძე თეგი: ფრიდონ გიგანი - ზებედა რეხვიაშვილი - ბუდაპეშტის გრან პრი