პრემიერლიგის 2018/2019 წლების სეზონმა სტარტი აიღო. გათამაშების გახსნით მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორზე” “ლესტერს” დაუხვდა და პირველი სამი ქულის მოპოვება მოახერხა.
მასპინძლებს სანახაობრივი თამაში არ უჩვენებიათ და დაახლოებით იმ სტილში ითამაშეს, როგორშიც გასულ სეზონში ასპარეზობდნენ. მალევე დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ პრაგმატულ თამაშზე გააკეთეს აქცენტი და საბოლოოდ ჩაფიქრებულ მიზანსაც მიაღწიეს.
მეორე წუთზევე ანდრე მარინერმა საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, ამარტიზე ხელით თამაში დააფიქსირა და ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანის შესრულება პოლ პოგბამ ითავა და მარჯვენა მაღალ კუთხეში კასპერ შმეიხელს აუღებელი დაურტყა. პირველ ნახევარში “იუნაიტედს” ფაქტობრივად აღარ შეუტევია, “ლესტერს” კი გოლის გატანის რეალური შანსი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ჯეიმს მედისონს 29-ე წუთზე დავიდ დე ხეამ აჯობა.
მეორე ნახევარში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მასპინძელთაგან ხუან მატას დააკლდა ცოტა, ხოლო “მელიებიდან” კელეჩი იჰეანაჩო აქტიურობდა, მაგრამ ისევ ესპანელმა კიპერმა ივარგა. 78-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა რომელუ ლუკაკუ, თუმცა შმეიხელის შესანიშნავმა თამაშმა სტუმრები იხსნა.
“წითელმა ეშმაკებმა” მეორე ბურთი ხუთ წუთში მაინც გაიტანეს: ლუკ შოუმ შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე და შეტევა მშვენიერი დარტყმით დააბოლოვა. “მელიებმა” პრესტიჟის ბურთი 93-ე წუთზე გაიტანეს: ჯეიმი ვარდიმ დავიდ დე ხეას დაბნეული თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავით შეაგდო – 2:1.
მანჩესტერ იუნაიტედი – ლესტერი 2:1 (1:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, ბაილი, ლინდელოფი, შოუ, დარმიანი, ფრედი (მაკტომინი 76), ა.პერეირა, პოგბა (ფელაინი 84), სანჩესი, მატა, რეშფორდი (ლუკაკუ 66).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი, მორგანი, მაგუაირი, ჩილველი, ამარტი (გეჟალი 63), ა.სილვა (იბორა 80), ნდიდი, მედისონი (ვარდი 63), დ.გრეი, რ.პერეირა, იჰეანაჩო.
მწვრთნელი: კლოდ პუელი
გოლები: 1:0 პოგბა (3 პენ.), 2:0 შოუ (83), 2:1 ვარდი (93)
გაფრთხილებები: ფრედი, ა.პერეირა – ამარტი
მსაჯი: ანდრე მარინერი