ფეხბურთი

23:10 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ტორპედომ" ალბანური გუნდი "კუკეში" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიღო და 5:2 დაამარცხა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პლეი-ოფის საგზურთან საკმაოდ ახლოსაა და საპასუხო შეხვედრაში მაქსიმუმ სამი ბურთით არ უნდა წააგოს.

მატჩი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს და მეორე წუთზევე დაწინაურდნენ: გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს ცენტრისკენ გიორგი კუხიანიძე მოძებნა, რომელმაც ძლიერი დაბალი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მე-15 წუთზე კი აღნიშნული დუეტის აქტიური თამაშის შემდეგ "ტორპედო" ორი ბურთით დაწინაურდა: ქიმაძემ კვლავ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს სიღრმეში გააკეთა გადაცემა, კუხიანიძემ კი მცველს დაასწრო.

22-ე წუთზე ჰარიმ ჰარბამ მარცხენა ფლანგიდან მეკარის შორეულ კუთხეში დაკიდა ბურთი და ეფექტური გოლით ანგარიში შეამცირა. 28-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობა ოლექსანდ აზაცკის გადაცემის შემდეგ ლაზარ მარინმა აღადგინა, რომელმაც ახლო კუთხიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა. სამ წუთში კი ორი საგოლე გადაცემის ავტორმა, ქიმაძემ გაიტანა: კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ალბანალებმა გამოიტანეს, ხოლო გიორგიმ საჯაიმოს გარედან ძლიერი დარტყმით სამ ბურთამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას და რეალიზებას, თუმცა 40 წუთის განმავლობაში გოლი არ გავიდა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კაპანაძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ორ ფეხბურთელს გაცდა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 4:1 გახადა. ორ წუთში კი ალბანელთა ფეხბურთელი ფეხბურთელი "ტორპედოს" საჯარიმოში ოსტატურად წაიქცა, წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მსაჯმა პენალტი მაინც დანიშნა, შედეგად ასევე შეცვლაზე შემოსულმა სებინო პლაკუმ საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა.

საპასუხო მატჩი 16 აგვისტოს ელბასანიში "ელბასან არენაზე" გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისელები "ლუდოგორეცსა" და "ზრინსკის" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ტორპედო - კუკეში 5:2 (4:1)

ტორპედო: კვასხვაძე, მარინი, აზაცკი, კობახიძე (ხურცილავა 79), გეგეჩკორი, ცინცაძე, ჰლინკა, კუხიანიძე, ქიმაძე, დოლიძე (დაფე 72), ლაჩნი (კაპანაძე 67)

მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

კუკეში: ფრაშერი, შამეტი, ჰოშა, სირბია (პლაკუ 63), ჰარალამბი, რუმბულაკო, მუსოლი, კორდეირო (ზგურო 74), ჰარბა, ძარია (შკოდრა 63), რეგინალდო

მწვრთნელი: არმანდო ცუნგუ

0.246293