ფეხბურთი

14:57 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეპა არისაბალაგა - ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე
ახალგაზრდა ესპანელი "ჩელსის" ფეხბურთელია

კეპა არისაბალაგა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია. ბილბაოს “ატლეტიკოს” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას, რომ კეპამ კლუბი დატოვა. მართალია, ნახსენები არაა თუ სად გააგრძელებს კარიერას 23 წლის კიპერი, მაგრამ ყველაფერი ნათელია – ლონდონის “ჩელსიში”.

“არისტოკრატებმა” ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღეს და ამრიგად, კეპა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. საინტერესოა, რომ ორი კვირის წინ ეს რეკორდი ალისონმა დაამყარა, რომელიც “ლივერპულს” 62.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ ბრაზილიელმა რეკორდი დიდხანს ვერ შეინარჩუნა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 2001 წლიდან 2018 წლამდე ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იყო.

ესპანელი კიპერი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, ხოლო საღამოს კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

კეპას “ჩელსიში” გადასვლა კი ავტომატურად მიანიშნებს იმაზე, რომ ბელგიელი ტიბო კურტუა “სტემფორდ ბრიჯს” ტოვებს და კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს.

0.112022