ფეხბურთი

12:40 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ტრანსფერები: MLS-დან ლუქსემბურგამდე

საფეხბურთო სამყაროში ზაფხული ყველაზე მეტად სატრანსფერო სიახლეებითაა გამორჩეული და გამონაკლისი ბუნებრივია არც მიმდინარე სეზონია. ჯერჯერობით, სატრანსფერო ფანჯარა ისევ ღიაა და გუნდებს აქვთ შესაძლობლობა, რომ სასურველი ფეხბურთელები დაიმატონ.

ამჯერზე, ქართველ ფეხბურთელებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც ამ დროისთვის უკვე მოასწრეს გუნდების შეცვლა. დღევანდელ წერილში საუბარი მხოლოდ იმ მოთამაშეებზე გვექნება, რომლებმაც კლუბები უცხოეთის მასშტაბით შეიცვალეს ან საქართველო დატოვეს და ლეგიონერის სტატუსი მიიღეს.

ქართველთა მიდი-მოდი

  • “სევილიას” მეორე გუნდის აწ უკვე ყოფილმა წევრმა გიორგი აბურჯანიამ გუნდი შეიცვალა. ქართველი ნახევარმცველი ესპანეთში დარჩა და დამდეგ სეზონს იჯარის წესით “ლუგოში” გაატარებს. დამდეგ ზაფხულს კი გალისიელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

  • საქართველოს ნაკრების ახალწვეული მეკარე, ზაურ მახარაძემ დონეცკის “ოლიმპიკი” დატოვა და ამიერიდან ლუგანსკის “ზორიას” კარს მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს.

  • კლუბი შეიცვალა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კარის დარაჯმა. გიორგი ლორიას “ანჟისთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და სამარის “კრილია სოვეტოვში” დაბრუნდა.

  • ვატო არველაძე თბილისის “ლოკომოტივიდან” პოლონეთის ექსტრაკლასაში აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა “კორონას” მაისური მოირგო.

  • გიორგი არაბიძემ დონეცკის “შახტარის” დუბლებს თავი დააღწია და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ “ნასიონალს” შეუერთდა. სასიამოვნოა, რომ ნიჭიერმა ქართველმა შემტევმა პორტუგალიურ გუნდთან სრულფასოვანი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

  • პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში არაბიძის გარდა ავთო ებრალიძეც ითამაშებს. 26 წლის ნახევარმცველმა “ჩავესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამრიგად, პორტუგალიის მთავარ ლიგაში სამი ჩვენებური ითამაშებს: ებრალიძე, არაბიძე და გიორგი მაკარიძე.

  • ბაჩანა არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატიდან გავარდნილი “ბალმაზუივაროში” დატოვა და ბედი “პუშკაშ აკადემიას” ორი წლით დაუკავშირა.

  • თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი თევზაძემ საქართველო დატოვა და უცხოეთს კარიერაში პირველად მიაშურა. ნიჭიერი ქართველი მცველი სლოვაკური ფეხბურთის ფლაგმან “ჟილინას” წევრი ხელშეკრულების თანახმად 2021 წლის ზაფხულამდე იქნება.

  • ნიკა კაჭარავა ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსს დაუბრუნდა. 24 წლის ჩვენებურმა პოლონური “კორონა” დატოვა და ორწლიანი კონტრაქტი ფამაგუსტას “ანორთოსისთან” გააფორმა.

  • საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარ “თელავიდან” ლატვიის უმაღლესი ლიგის წევრ “იეგალვაში” გადავიდა 23 წლის ნახევარმცველი გურამ ლუკავა.

  • საჩხერის “ჩიხურას” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ საფრანგეთს მიაშურა. 30 წლის ფორვარდმა “ბასტიასთან”, რომელიც რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არადა, დრო იყო “ბასტია” ლიგა 1-ში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა.

  • საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია არნემის “ვიტესს” 8-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაემშვიდობა. გურამი “სან ხოსეში” ვაკო ყაზაიშვილს შეუერთდა და ამერიკულ MLS-ში ჩვენი ქვეყნის მეორე წარმომადგენელი გახდა.

  • თბილისის “დინამოს” რიგები კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ცოტა ხნის დატოვა. ნიჭიერი ქართველი შემტევი მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში ავსტრიის ბუნდელსიგის ვიცე-ჩემპიონის, გრაცის “შტურმის” 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

  • სამაგიეროდ ავსტრია დატოვა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც ბოლო ორი სეზონის ვენის “რაპიდში” გამოდიოდა. 24 წლის თავდამსხმელი 2022 წლამდე ბელგიური “გენტისთვის” შეუტევს, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე დახვდა.

  • ლვოვის “კარპატიმ” ნიკა სანდოხაძე სათამაშო პრაქტიკის მიზნით ლატვიურ “რიგასში” 6 თვით გაანათხოვრა.

  • საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ კი “სკა ხაბაროვსკის” დატოვების შემდეგ ბელარუსს მიაშურა და მინსკის “დინამოსთან” გააფორმა ხელშეკრულება.

  • ჯაბა ჯიღაური ყაზახური “ორდაბაისიდან” საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ “გრენობლში” გადავიდა.

  • გიორგი გველესიანმა ირანული “ზობ აჰანი” დატოვა, თუმცა იქვე დარჩა და ამიეირდან “ნასაჯის” ღირსებას დაიცავს.

  • ლევან ყენია თბილისის "ლოკომოტივიდან" უცხოეთს დაუბრუნდა და ამიერიდან ლუქსებურგში, კერძოდ, "დუდელანჟის" რიგებში ითამაშებს.

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და შესაძლოა მოცემული ნუსხა გაიზარდოს. ვნახოთ, შეიცვლიან თუ არა დარჩენილ დროში ქართველი ფეხბურთელები გუნდებს...

0.122508