რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა ფრანგულმა ღვინის კომპანიამ ზინედინ ზიდანისა და მიშელ პლატინის სახელზე წარმოებული ღვინით საკმაოდ დიდი შემოსავალი ნახა. ა მღვინოების შეძენა ინტერნეტ-გამოწერების საშუალებით ყველას შეეძლო და მისი ფასი 15 ევროთი განისაზღვრებოდა.
შესაძლოა, ზინედინ ზიდანს რეკლამირება სულაც აღარ სჭირდება, მაგრამ იგი უკვე არამხოლოდ ფრანგული ფეხბურთის, არამედ ზოგადად საფრანგეთის სიმბოლოა და როდესაც ცოცხალი სიმბოლო ღვინის ფენომენს “ებმება”, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ასეთ ღვინოს წარმატება გარანტირებული აქვს! თან არა მხოლოდ საფრანგეთში... არგენტინაში უკვე 14 წელიწადია, იწარმოება ღვინო სახელწოდებით “მარადონა”, რომელიც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და დიეგო მარადონას დიდ გამარჯვებას გამოხატავს.
ჩვენც უკვე მრავალჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესპანეთში, კატალონიის “ბარსელონას” შესანიშნავმა ნახვეარმცველმა ანდრეს ინიესტამ, რომლის ოჯახიც მეღვინეობითაა სახელგათქმული, ჯერ კიდევ 6 წლის წინ ჩამოასხა ღვინო სახელწოდებით “5:0”. ეს ღვინო “ბარსელონას” მადრიდის “რეალთან” ისტორიული გამარჯვების აღმნიშვნელია და 50 ათასი ბოთლი უკვე გაიყიდა მთელ მსოფლიოში.
ფლორენციის “ფიორენტინას” სახელზე ტოსკანელი მეღვინეები კარგა ხანია, ღვინო “ვიოლას” ასხამენ. და ახლა, როდესაც რუსეთის ღვინის ბაზარი ქართული ღვინისათვის 6-წლიანი ემბარგოს შემდეგ გაიხსნა, ექსპორტიორთაგან ვითომ არავინ დაინტერესდება მიხეილ მესხის, დავით ყიფიანის, ვიქტორ სანეევის, გივი კარტოზიას და სხვა დიდი ქართველი სპორტსმენების სახელზე ჩამოსხმული ღვინოებით?!...