საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობის ფინალში ლეონარდო მაიერი 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის ტიტული პირველად მოიპოვა. ამ დიდი გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილთან მოკლე ინტერვიუ ATP-ის ჟურნალისტმა ჩაწერა.
- ნიკოლოზ, გილოცავ ATP-ის პირველი ტურნირის მოგებას. შეგიძლია გამოხატო სიტყვებით რას გრძნობ?
- რა შემიძლია რომ ვთქვა. ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო. დღეს ჩემი საუკეთესო თამაში არ ვაჩვენე, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე. თამაშის მოგების პატარა შანსი მქონდა და ეს შანსი გამოვიყენე. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხე ნერვებისა და ემოციების გაკონტროლება, რადგან აქამდე ATP-ის ტურნირი არ მქონდა მოგებული. ძალიან ბედნიერი ვარ. ცოტა დაღლილი ვარ, დავისვენებ და მოვემზადები კიცბუელის ტურნირისათვის.
- მთელი კვირის განმავლობაში საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებდი. რამდენადაა ეს შენს მწვრთნელთან დაკავშირებული?
- ჩვენ ორი თვეა ერთად ვმუშაობთ და ჯერჯერობით ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარე. ადვილი ბადე არ მქონდა, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ გადავლახე ეს ბარიერი და ტიტული მოვიპოვე.
- ეს გამარჯვება რამდენად შეცვლის შენს მიდგომას დარჩენილ სეზონზე?
- განსაკუთრებულად არაფერი შეიცვლება. ჩვენს განრიგს მივყვებით. ეს გამარჯვება უფრო მეტ თავდაჯერებულობას მომცემს მომავალში.
- და ბოლოს, ეს კარგი ამბავი იქნება შენს სამშობლოში. რამდენად გაიზრდება ჩოგბურთის პოპულარულობა საქართველოში?
- ეს ალბათ დაეხმარება ბავშვებს, რომ უფრო მეტი ჩოგბურთი ითამაშონ და უფრო სერიოზულად მოეკიდონ ამ სპორტს.