ჩოგბურთი

22:25 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ნომერი პაბლო კარენო ბუსტა 7:6, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილელ ნიკოლას იარის შეხვდება.

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა განვლილი შეხვედრა კარგად დაიწყო. პირველივე მოწოდებაზე პაბლო დაბრეიკდა და მეათე გეიმამდე ნიკოლოზს საქმე კარგად მიჰყავდა, თუმცა საკუთარი მოწოდება დათმო და ანგარიში 5:5 გახდა. საბოლოოდ ტაი ბრეიკზე ბასილაშვილმა კარგად ითამაშა და 7:3 მოიგო.

მეორე სეტის მეორე გეიმზე ესპანელი კვლავ დაბრეიკდა და ნიკოლოზი 3:0 დაწინაურდა, თუმცა მეშვიდე გეიმზე ქართველმა მატჩში მეორედ დათმო მოწოდება (4:3) და კარენო ბუსტას ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, რაც ჩინებულად გამოიყენა - 4:4. მეცხრე გეიმზე, ბასილაშვილის მოწოდებაზე ესპანელი 40:30 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ ეფექტური თამაშით შეძლო წინ გასვლა. საბოლოოდ პაბლო გატყდა, საკუთარი მოწოდებაზე ოთხი ქულა ზედიზედ დათმო და 26 წლის ნიკოლოზმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ნიკოლოზი აგრესიულად თამაშობდა და ეფექტური დარტყმებით ბევრი ქულა მოიპოვა. ასევე, ბასილაშვილი მეტოქისგან განსხვავებით, არ ცდილობდა ბურთი კორტზე დაეტოვა და მეტოქის შეცდომების წყალობით ქულები მოეპოვებინა. 149 ქულიდან ბასილაშვილმა 81 აიღო. ორმაგი შეცდომა ნიკოლოზს ორჯერ მეტი ჰქონდა (4:2), ხოლო ეისი ორით მეტი მოაწოდა (6:4). ნიკოლოზი ATP-ის 500-ქულიანი ტურნირის ოთხ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის პირველად მოხვდა და ლაივ რეიტინგში ამჟამად 59-ე პოზიციაზე იმყოფება.

ნიკოლოზმა ნახევარფინალში გასვლით 180 სარეიტინგო ქულა და 86, 145 ევრო გამოიმუშავა. ბასილაშვილის და ჩილელ ნიკოლას იარის მატჩი 28 ივლისს გაიმართება. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ქართველი კარიერის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს და პირველად 50-ეულის წევრი გახდება.

0.119078