მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესტონეთს შეხვდა და 72:87 დამარცხდა.
საქართელოს ნაკრებმა თამაში მეორე ნახევარში დათმო, პირველ ტაიმში კი მეტოქეს ტოლს არ უდებდა. საწყისი პერიოდი 20:20 დასრულდა, მეორე ნახევარში კი ესტონელებმა 9-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, რაც დიდ შესვენებამდე ქართველებმა 2 ქულამდე შეამცირეს.
მესამე პერიოდის მეორე წუთზე საქართველო 38:36 დაწინაურდა კიდეც, თუმცა ამ ეპიზოდში ესტონელებმა პრესინგის საშუალებით დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ბალტიისპირელებმა მონაკვეთი 14:3 მოიგეს და 50:40 გალიდერდნენ. ესტონელების ძირითადი იარაღი შორი სროლები იყო, რომელსაც ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს.
მე-3 პერიოდის ბოლოს საქართველომ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში ესტონელთა უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ბერიშვილის გუნდს წარმატების შანსი არ ჰქონია. ესტონელებმა მოხსნებში დაგვჯაბნეს – ჩვენებზე 16-ით მეტი ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთეს. ამასთან მეტოქის ფარზე 11-ით მეტი მოხსნა ჰქონდათ.
საქართველოს ნაკრებში 19 ქულით საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი. 10 ქულა დავით კაკუშაძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ოთარ პერტაიამ და ლაშა მიქელაძემ 8-8 ქულა მიითვალეს. ჩვენს ჯგუფში დღეს გამართული მეორე მატჩში ავსტრიამ უნგრეთს 63:61 მოუგო. საქართველო ხვალ უნგრეთს, თბილისის დროით 16:15 საათზე შეხვდება.
საქართველო – ესტონეთი
სტატისტიკა: 72:87
gbf.ge