ჩოგბურთი

20:59 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გერმანიის ღია ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში ქართველმა ურუგვაელი პაბლო კუევასი 7:6, 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ტაი ბრეიკი ცუდად დაიწყო და 1:6 აგებდა, თუმცა დრამატული ქამბექი გამოუვიდა და ზედიზედ მოგებული შვიდი გათამაშებით დაწინაურდა. მეორე სეტში კი კუევასი მეშვიდე გეიმის დროს დაბრეიკდა და საბოლოოდ ნიკოლოზმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პაბლოს დამარცხებით ბასილაშვილმა უკვე 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მსოფლიო რეიტინგში კი 13 ადგილით დაწინაურდა და ახლა 68 პოზიციაზე იმყოფება. ნიკოლოზი მეოთხედფინალურ მატჩს პაბლო კარენო ბუსტას წინააღმდეგ ხვალ, ცენტრალურ კორტზე გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

0.111442