ფეხბურთი

21:25 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვიკინგურის" მწვრთნელი: "ტორპედო" ძლიერი მეტოქეა და ადვილ თამაშს არ ველოდებით"

ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩისწინ "ვიკინგურის" მთავარმა მწვრთნელმა სიგფრიდურ კლემენტსენმა პრესკონფერენცია გამართა. ფარერის კუნძულელი სპეციალისტის განცხადებით, "ტორპედო" რთული მეტოქეა და ადვილ თამაშს არ ელოდება. ამასთან, ქუთაისში არსებულ ჰაერის ტემპერატურაზე დაიწუწუნა და აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან ცხელა.

"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა. ჩვენთვის მსგავსი სიცხე უცხოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსია, აქ კი მთელი 40 გრადუსი დაგვხვდა.

პირადად მე, საქართველოში მეორედ ვიმყოფები. 1996 წელს ბათუმში ვიყავი, თუმცა მთლად კარგად არ დამამახსოვრდა, რადგან მაშინ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ქუთაისის დათვალიერება ვერ მოვასწარით, დრო არ გვქონდა. ის კი ფაქტია, რომ ძალიან ცხელა (იცინის).

"ტორპედოს" მატჩები ვნახეთ. ძალიან რთული მეტოქეა და ადვილ შეხვედრას არ ველით, თუმცა 0:0-დან ვიწყებთ და ვიცით, რომ წინ მეორე მატჩია. ამიტომ ვეცდებით, ხვალ ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რომელიც განმეორებით მატჩში დაგვეხმარება", - ციტირებს კლემენტსენის სიტყვებს "ტორპედოს" ვებგვერდი.

მატჩისწინ ისაუბრა "ვიკინგურის" ფეხბურთელმა ადრიან კაშკავალმა:

"მოლდოვის ნაკრებთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში და ვიცოდი, როგორი სიცხეც გველოდა აქ. ეს ჩვენთვის მთლად კარგი არაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგად ვართ მომზადებულნი და გვინდა, რომ ეს ბარიერი დავძლიოთ", - თქვა "ვიკინგურის" მოლდოველმა ლეგიონერმა.

აქვე გეტყვით, რომ "ტორპედოსა" და "ვიკუნგურის" შეხვედრა 26 ივლისს, 20:00 საათზე ქუთაისში გაიმართება.

0.111357