ჩოგბურთი

20:15 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა კოლშრაიბერი დაამარცხა

ჰამბურგის საერთაშორის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოულოდნელად გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი 7:5, 1:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და ხუთ წუთს გაგრძელდა.

ნიკამ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. გეტყვით, რომ კოლშრაიბერი რეიტინგის 25-ე ნომერია და ის პრო ტურში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოლშრაიბერი თავისი თანამემამულეების წინაშე თამაშობდა და მათი მხარდაჭერა ჰქონდა.

პირველ სეტში ნიკამ თავისი ჩაწოდება სტარტზევე დაკარგა და კოლშრაიბერი 2:0 დაწინაურდა. შემდეგ გერმანელი 4:2-ს იგებდა და ქართველს მეტოქის ჩაწოდებას ქულის მოგებაც კი უჭირდა, მაგრამ ნიკამ ბრეიკის გაკეთება მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. 6:5-ზე ბასილაშვილი სასარგებლოდ კოლშრაიბერს ნერვებმა უმტყუნა რამდენიმე ბურთი გააფუჭა და ნიკა სეტებში დაწინაურდა.

მეორე პარტია ქართველმა ჩოგბურთელმა ჩააგდო და იოლად დათმო. მესამეს დასაწყისიც მეორე სეტს გავდა, ფილიპი 3:1 დაწინაურდა და თითქოს ჩვენებური უშანსოდ გამოიყურებოდა. მაგრამ აქ ნიკამ ხასიათი გამოავლინა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, აქედან ორი მეტოქის მოწოდებაზე. 5:4-ზე ნიკა მატჩზე აწვდიდა, თუმცა თავიდან სიზუსტემ უმტყუნა და 15:40-ს აგებდა. ბასილაშვილმა აქაც იყოჩაღა და ორი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა გეიმი მოიგო და კარიერაში კოლშრაიბერი პირველად დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1 გახდა.

ჰამბურგის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზი პაბლო კუევასს დაუპირისპირდება, მატჩი 25 ივლისს გაიმართება, დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. ურთიერთშეხვედრებში კუევასი 1:0-ს იგებს.

ნიკამ ამ გამარჯვებით 90 სარეიტინგო ქულა და 43 810 ევრო გამოიმუშავა.

0.11274