საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით და ისტორიული შედეგით დაასრულა! საქმე ისაა, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოახერხეს ორი გამარჯვების მოპოვება.
რევაზ ჩომახიძის გუნდმა დასახულ მიზანს უწია და 16-გუნდიან ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა. ამ პოზიციისთვის ფინალურ მატჩში საქართველომ სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხა – 8:6.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლოგიკურიც იყო ანგარიში – 4:4. აი, მეორე ნახევარი კი სლოვაკებმა გაცილებით მაღალ დონზე დაიწყეს, ორი გოლიც გაიტანეს და დაწინაურდნენ – 6:4. თითქოს, საქართველოს ნაკრებს ფარ-ხმალი უნდა დაეყარა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. შეხვედრის დასრულებამდე 12:47 წუთი რჩებოდა და ხსენებული მონაკვეთი ჩომახიძის ბიჭებმა შესაშურად ჩაატარეს.
თავად განსაჯეთ, თითქმის 13 წუთში ნიკოლოზ შუბლაძე დიდებულად გაისარჯა და საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. თავის მხრივ, ყველაფერი კარგად იყო შეტევაშიც – საქართველომ 4 უპასუხო გოლი გაიტანა და საბოლოოდ 8:6 გაიმარჯვა. მეკარე შუბლაძესთან ერთად დიდებულად ითამაშა ზუკა რურუა, რომელმაც კარში 4-ჯერ დაარტყა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. დუბლით გამოირჩა დამირ ცრეპულია, მარკო ელაჩა, გიორგი მაგრაქველიძე და მიშა ბაღათურია და თითო გოლით გამოირჩნენ.
ამრიგად, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა და სლოვაკეთი, თურქეთი და მალტა მოიტოვა უკან. აქვე გეტყვით, რომ 2014 წელს საქართველოს ნაკრები მე-12 ადგილზე გავიდა, თუმცა მაშინ ევროფორუმზე 12 გუნდი თამაშობდა, ხოლო ორი წლის წინ მე-14 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
საქართველო – სლოვაკეთი 8:6 (1:1, 3:3, 3:2, 1:0)
გოლები: 1:0 ელაჩა, 1:1 ზატოვიჩი, 2:1 მაგრაქველიძე, 2:2 დურიკი, 2:3 კოლარიკი, 3:3 ცრეპულია, 4:3 რურუა, 4:4 ურადნიკი, 4:5 კოლარიკი, 4:6 ბალაზი, 5:6 რურუა, 6:6 ბაღათურია, 7:6 რურუა, 8:6 ცრეპულია