ჭადრაკი

14:46 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი 2018: „ნონას თასი“ გორს ეწვია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით „ნონას თასი“ ამჯერად გორში გამოიფინა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს დააწესა, 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული კი ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. „ნონას თასი“ უკვე გამოიფინა 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ასევე თელავსა და რუსთავში.

გორის ცენტრალურ პარკში გამართულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია: თასის სანახავად, საჭადრაკო ვიქტორიაში მონაწილეობის მისაღებად და სახელოვან მოჭადრაკეებთან ძალების საცდელად უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. ვიქტორინის გამარჯვებულები სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ, ტრადიციულად, ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული მაისურები და სუვენირები გადაეცათ.
ნონა გაფრინდაშვილმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ავსტრიის მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა დავით შენგელიამ ახალგაზრდა მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარეს.

„მადლობას ვუხდი გორელებს შესანიშნავი მასპინძლობისთვის. ოლიმპიადა, რომელსაც მალე ვუმასპინძლებთ ბათუმში, დიდი გამოწვევაა არა მარტო ბათუმისთვის, ზოგადად, მთელი საქართველოსთვის და ქალბატონი ნონას სახელობის თასიც სწორედ ამის ხაზგასასმელად მოგზაურობს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი სათანადოდ ვუმასპინძლებთ უმაღლესი დონის სპორტულ შეჯიბრებას“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.
თბილისიდან ჩასულ დელეგაციას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა უმასპინძლა.
ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ბათუმმა ეს უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი 58.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

0.162518