ფეხბურთი

11:47 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "გული მწყდება, მაგრამ ყველაფერი წინაა"

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "შერიფთან" (0:3) წაგების შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი განცხადებით, შეცდომები დაუშვა და გუნდმა წააგო. ჩხეტიანი იმედს გამოთქვას, რომ მისი გუნდი ევროპა ლიგაზე უფრო წარმატებით ითამაშებს.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.

ვულოცავ "შერიფს" ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპა ლიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა", - ციტირებს ჩხეტიანის სიტყვებს "ტორპედოს" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, რადგან "შერიფთან" ორი მატჩის ჯამში (2:4) წააგო, ხოლო ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, სადაც ფარერების "ვიკუნგურს" დაუპირისპირდება.

0.11769