სხვა

15:51 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი - მარცხი დრამატულ ბრძოლაში...

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატეზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა წააგო. არადა, პირველი ტურისგან განსხვავებით, საქართველოს ამჯერად გამარჯვების ამბიციაც ჰქონდა და შნოც, მაგრამ საბოლოოდ, სამწუხაროდ, დრამატული თაწყმაში წააგო.

მეტოქე გერმანია იყო, რომელიც პირველ ტურში იტალიასთან შერცხვა და შესაბამისად, რევაზ ჩომახიძის გუნდისთვის მისი ბარიერი დაუძლევად არ ჩანდა. საქართველოს ნაკრებმა რიხით დაიწყო და პირველი პერიოდი ჩინებულად ჩაატარა. შედეგად, საწყისი 8 წუთის მერე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული რურუას, მაგრაქველიძისა და ბაღათურიას გოლებით – 3:1.

თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, დარჩენილ სამ პერიოდში გერმანიამ გაცილებით მძლავრად და კონცენტრირებულად ითამაშა. საგულისხმოა, რომ მეორე, მესამე და მეოთხე პერიოდები ალემანებმა ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოიგეს და ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისიც იყო.

არადა, გერმანია მთელი თამაში მდევრის როლში გახლდათ. ოდენ მესამე მეოთხედის მიწურულს იულიან რილის გოლით მოახერხა პირველად დაწინაურება (7:6). მიუხედავად ამისა, საქართველომ შეძლო თამაშის შემოტრიალება და დასკვნით პერიოდში იელაცასა და ცრეპულიას გოლებით ისევ წინ გავიდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. საერთოდ, საქართველოს ნაკრებმა ვერაფერი მოუხერხა იულიან რილს, რომელმაც 4 გოლი გაიტანა და მათ შორის, ყველა საკვანძო გამოდგა. გერმანელმა პირველი გოლი მაშინ მიითვალა, როცა გერმანიამ ორბუთიანი სტატუსქვო აღადგინა (4:4), მერე პირველად წინ გაიყვანა თავისი გუნდი, შემდეგ ბოლო პერიოდში ისევ გაათანაბრა (8:8), ხოლო გამარჯვების გოლიც მანვე მიითვალა.

ზურაბ რურუამ თამაშის დასრულებამდე 02:35 წუთით ადრე გაათანაბრა (9:9), მაგრამ დარჩენილ დროში ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც იულიან რილმა საქართველოს კარში შეაგდო. მოკლედ, მძიმე ბრძოლაში, დრამატული მარცხი გამოვიდა – 9:10.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი მარცხით ქვეჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია. ქართველი წყალბურთელები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 20 ივლისს, ერთ-ერთ ფავორიტ იტალიის ნაკრებთან ჩაატარებენ. გერმანიასთან მარცხი კი, ორმაგად დასანანი გამოდგა. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ფინალურ ეტაპზე გამარჯვებას მოვიპოვებდით, მეორეც, ასეთ შემთხვევაში პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებდა საქართველო, რაც მეოთხედფინალში თამაშის შანსს გაუჩენდა. ახლა კი, ოდენ მე-13 ადგილისთვის მოუწევს ფონს გასვლა.

გერმანია – საქართველო 10:9 (1:3, 3:2, 3:2, 3:2)

გოლები: 0:1 რურუა, 1:1 იუენგლინი, 1:2 მაგრაქველიძე, 1:3 ბაღათურია, 2:3 რეიბელი, 2:4 გეგელაშვილი, 3:4 რეიბელი, 4:4 რილი, 4:5 ქავთარაძე, 5:5 ეიდნერი, 5:6 ბაღათურია, 6:6 სტამი, 7:6 რილი, 7:7 იელაცა, 7:8 ცრეპულია, 8:8 რილი, 9:8 იუენგლინი, 9:9 რურუა, 10:9 რილი

0.113425