ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" მეკარემ ტიბო კურტუამ Marca-თან საუბრისას განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლას არ გამორიცხავს. ასევე, ტიბო მიიჩნევს, რომ თუ ლონდონელები მას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ ეს კატასტროფა არ იქნება, რადგან სხვა გუნდშიც ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.
ესპანური მედია დიდი ხანია კურტუას და "რეალს" ერთმანეთს უკავშირებენ. მადრიდელები მზად არიან ტრანსფერში კეილორ ნავასი ჩართონ და 35 მილიონი ევროც გადაიხადონ. ასევე ცნობილია, რომ ესპანური და ინგლისური კლუბები საკომპენსაციო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. კურტუას "ჩელსისთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს. "რეალი" მზადაა ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და წელიწადში 11 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ტიბომ გასულ სეზონში "ჩელსის" რიგებში 46 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 47 გოლი და 19 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი კურტუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.