ფეხბურთი

1:12 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" სლოვაკეთიდან დადებითი შედეგით ბრუნდება

თბილისის “დინამო” ევროპა ლიგის გათამაშებაში წარმატებით ჩაერთო. ორი აზრი არაა, რომ “დუნაისკა სტრედასთან” საგარეო მატჩში ფრე დადებითი შედეგია, თუმცა ახლა მთავარია მოპოვებული მცირე უპირატესობა საშინაო შეხვედრაში გამოიყენოს.

არადა, მეტიც შეიძლებოდა – მოგება. თუმცა, შეიძლებოდა წაგებაც, რადგან მთლიანობაში სლოვაკური გუნდი უპირატესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა.

კახა კაჭარავას გუნდმა სწრაფი გოლი გაიტანა და ამან დიდწილად განაპირობა თამაშის სურათი – “დუნაისკა” ბურთს აკონტროლებდა და უტევდა, “დინამო” ბედს კონტრშეტევებზე ეძებდა. ანგარიში კი, მე-15 წუთზე გაიხსნა: ოთარ კიტეიშვილმა მეტოქის საჯარიმოსთან დიდოსტატურად ითამაშა და ბრწყინვალე პასით დასასრტყმელ პოზიციაზე ბუდუ ზივზივაძე გაიყვანა. “დინამოს” შემტევსაც ბევრი არ უფიქრია და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა – 0:1.

შემდეგ, თბილისური გუნდი საკუთარ ნახევარზე გამაგრდა და მეორე ნომრად დიაწყო თამაში. მაგრამ, მარკო როსის გუნდს დიდი ხანი არ მოუწია მდევრის როლში ყოფნა, რადგან 30-ე წუთზე გაათანაბრა. გოლი კუთხურს მოჰყვა: ვაკუნ იუსუფ ბაიო მცველებმა უყურადრებოდ დატოვეს და კოტ დივუარელმა ფორვარდმა თავით დემეტრე ბულისკერიას შანსი არ დაუტოვა – 1:1. საერთოდ, “დუნაისკას” რიგებში აფრიკელი შემტევი ყველაზე მეტ ხიფათს ქმნიდა. სლოვაკებს ამის მერეც ბევრი შანსი ჰქონდათ, მაგრმა ხან სიზუსტე ვერ გაიწორეს, ხან მცველები ირჯებოდნენ კარგად და ხანაც, ბულისკერია იყო მოწოდების სიმაღლეზე.

“დინამოს” კი მეორე ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა და ორივე მატჩის მიწურულს. მეტნაკლებად ხიფათს წარმოადგენდა კიტეიშვილის შორეული დარტყმა, რომელიც მეკარემ მოიგერია, ხოლო მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე 100%-იანი შანსი იქნა ქარს გატანებული... ნიკა ნინუამ ჩინებულად ითამაშა მოედნის ცენტრში და საჯარიმოში აღმოჩნდა. ახალგაზრდა ნახევარმცველს თავად შეეძლო დარტყმა, მაგრამ გაცილებით კარგ პოზიციაში მყოფ მათე ვაწაძეს უპასა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... მაგრამ, დინამოელთა ფორვარდის ერთი შეხებით დარტყმა ხარიხას მოხვდა და “დინამომ” მოგების იდეალური შანსი ვერ გამოიყენა. სხვათა შორის, მეორე ტაიმის შუაწელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა გოლიც გაიტანა, როდესაც მასპინძელთა მცველმა ავტოგოლი მიითვალა, მაგრამ მანამდე მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაზეც კომენტარის გაკეთება გაგვიჭრდება - რბილად რომ ვთქვათ, ბოსნიელი არბიტრის გადაწყვეტილება ეჭვს ნამდვილად იწვევდა...

მიუხედავად ამისა, 1:1 დადებითად უნდა შეფასდეს და თამაშის სურათიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგიც გახლდათ. წინ კი, მეორე მატჩია, რომელსაც “დინამო არენა” ერთი კვირის თავზე უმასპინძლებს.

“დუნაისკა სტრედა” – “დინამო” 1:1 (1:1) VIDEO

დუნაისკა სტრედა, “მოლ არენა”

მაყურებელი: 7 000

“დუნაისკა სტრედა” (3-5-2): მაცეი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; კოსტმა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 68), სიმჩაკი (კალმარი 46); ბაიო, პაცინდა (დივკოვიჩი 79)

მწვრთნელი: მარკო როსი

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, კობოური, ლოჩოშვილი, ხარაბაძე; ივანისენია, ნინუა; შულაია (ქარდავა 81), კიტეიშვილი; ივანიშვილი (ერგემლიძე 46); ზივზივაძე (ვაწაძე 73)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)

გაფრთხილება: ბაიო (54) – ბულისკერია (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (7) – 8 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ირფან პელიტო (ბოსნია)

0.126802