მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალი გაიმართა და შესაბამისად, პირველი ნახევარფინალისტიც ცნობილია - საფრანგეთის ნაკრები. დიდიე დეშამის გუნდმა ურუგვაის ნაკრები დიდი სირთულებიის გარეშე დაამარცხა და საუკეთესო ოთხეულში ადგილი დაიბევა.
"მამლებმა" თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. მე-40 წუთზე ანტუან გრიზმანის სტანდარტულს ჩინებულად გამოეხმაურა რაფაელ ვარანი, რომელმაც მეორე სართულზე თამაშში ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა. ურუგვაის პირველივე ტაიმში ძალზე რეალური შანსი ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების, მაგრამ მარტინ კასერესი თავურს უგო ლორის სასწაულებრივ აღუდგა წინ, დამატებაზე კი დიეგო გოდინმა ვერ ივარგა.
ეს იყო მთელ თამაშში ურუგვაელთა ერთადერთი საგოლე მომენტი. საფრანგეთმა კი მეორე ტაიმში სხვაობა გაზრდა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა. გრიზმანმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, თუმცა, არცთუ სახიფათოდ... უბრალოდ ეგ იყო, რომ ფერნანდო მუსლერამ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გოლიც გავიდა. სამხრეთ ამერიკელთა მწირი საგოლე მომენტები გახსენეთ და არც საფრანგეთს მოუკლავს ამ მხრივ თავი - დიდიე დეშამის გუნდმა კარში ორჯერ დაარტყა და ორჯერვე გაიტანა. ეს იყო და ეს.
საერთოდაც, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთმა ზუსტად იმდენი ძალა დახარჯა მეტოქის დასამარცხებლად, რამდენიც საჭირო იყო. აი, ურუგვაის ნაკრებს კი დიდი დანაკლისი ჰქონდა ედინსონ კავანის სახით და ეს დანაკლისი შეუვსებელი დარჩა. მისი შემცვლელი კრისტიან სტუაინი აშკარად ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან და რა გასაკვირია, რომ შეტევის ხაზში ეულად დარჩენილმა ლუის სუარესმა ვერაფერი გააწყო. მეტიც, "სელესტეს" ლიდერმა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მე-13 თამაში ჩაატარა და პირველად მოხდა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს მეტოქის საჯარიმოში ვერ შეეხო. ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს ურუგვაელთა ინერტულობაზე თავდასხმაში.
თავის მხრივ, საფრანგეთსაც არ გამოუდია დიდად თავი. ერთი საინტერესო დეტალი - "მამლებმა" მერვედფინალში არგენტინასთან კარის ჩარჩოში 4-ჯერ დაარტყეს და 4 გოლი გაიტანეს და დღესაც 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა: 2 დარტყმა, 2 გოლი. ამასთან, საფრანგეთი გახდა მეორე გუნდი, რომელმაც ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი სამხრეთ ამერიკული ნაკრები დაამარცხა (პერუ, არგენტინა, ურუგვაი). მანამდე ამის გაკეთება მხოლოდ ჰოლანდიას მოეხერხებინა 1974 წელს.
ურუგვაი დაემშვიდობა მუნდიალს, ხოლო საფრანგეთი ნახევარფინალშია, სადაც ბრაზილია - ბელგიის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
ურუგვაი – საფრანგეთი 0:2 (0:1) VIDEO
ნიჟნი ნოვგოროდი, “ნიჟნი ნოვგოროდ არენა”
მაყურებელი: 43 319
ურუგვაი (3-5-2): მუსლერა; კასერესი, ხიმენესი, გოდინი; ნანდესი (ურეტავისკაია 73), ტორეირა, ბენტანკური (როდრიგესი 59), ვესინო, ლაქსალტი; სუარესი, სტუანი (გომესი 59)
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე, ტოლისო (ნზონზი 80); გრიზმანი (ფეკირი 90), ჟირუ, მბაპე (დემბელე 88)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
გოლები: 0:1 ვარანი (40), 0:2 გრიზმანი (61)
გაფრთხილება: ბენტანკური (38), როდრიგესი 69) – ერნანდესი (33), მბაპე (69)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 11 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)