საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის “Development Cup”-ის მეორე სათამაშო დღეს, პირველი შეხვედრა ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარა და 6:0 გაიმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ ყაზახების გუნდი ქართველებზე ერთი წლით უმცროსი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აკობიამ სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
გოშაძე, კაპანაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, ლაშხია, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა.
ქართველებიდან დუბლი კიკნაძემ შეასრულა. ასევე, მეტოქის კარში გოლები ჯობავამ, ლაშხიამ, მიქელთაძემ და გოშთელიანმა გაიტანეს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.
აკობიას შეგირდებს ჯგუფში მეტოქედ ყაზახების გარდა, ირანელებიც ჰყავთ. ტურნირის პირველ სათამაშო დღეს, ირანელებმა ყაზახეთის ნაკრებს 3:2 მოუგეს. 22 იანვარს, საქართველოს ნაკრები ირანს დაუპირისპირდება და ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდის ვინაობაც გაირკვევა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზეა.