საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, მე-5 ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ირლანდიასთან ერთად მოხვდა.
კენჭისყრა ხუთშაბათს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდა. ელიტ რაუნდის მატჩები მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება. მე-5 ჯგუფს სერბეთი უმასპინძლებს და თამაშები 26, 28 და 31 მარტს ჩატარდება. ელიტ რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე, რომელიც მალტაში 9-21 მაისს გაიმართება, ჯგუფიდან ერთი გუნდი გადის.