ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის “ოქროს გრან-პრიზე” მედლების 14 კომპლექტიდან 10 უკვე გადანაწილდა მოჭიდავეებზე. ყველაზე შედეგიანად ქართველები ირჯებიან – სამდღიანი ტურნირის პირველ-ორ დღეში საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 9 ბრინჯაო მოინაგრეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შაბათ-კვირას სპორტის სასახლის არენაზე საქართველოს ნაკრების 87 კანდიდატი გავიდა, კონკურენტებთან მოპოვებული უპირატესობა არც თუ შთამბეჭდავია.
ექვს ივნისს ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალ ჭიდაობაში 55, 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ბერძნულ-რომაულ სტილში – 74 და 120 კილოგრამებში. ქართველთათვის ყველაზე წარმატებული წონა 96 კილოგრამი გამოდგა, სადაც კვარცხლბეკზე 3 მასპინძელი ავიდა. ყველაზე უკეთესად, მოლოდინისამებრ, გიორგი გოგშელიძემ იჭიდავა. საჩემპიონო გზას იგი ინდოელი მაუსამ ხათრის 40 წამში ძლევით შეუყვა. შემდეგ კი სულ ქართველები ჩამოიშორა – ლევან სეთურიძე, დავით ქერაშვილი და ბელდუხ გავაშელიშვილი. ქერაშვილი მოგვიანებით ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
თუკი გოგშელიძე ჯერ კიდევ შეჯიბრის დაწყებამდე მიიჩნეოდა ოქროს მედლის უპირობო პრეტენდენტად, ბერძნულ-რომაული სტილის 74 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ცირეკიძის ფავორიტობა არავისგან გვსმენია. ამ წონას ნაკრების ორი უმთავრესი კანდიდატი – მანუჩარ კვირკველია და შმაგი გულიაშვილი ტრავმების გამო გამოაკლდნენ და ამის გათვალისწინებით, ადგილობრივთა პროგნოზები ზედმეტად ფრთხილი იყო, მაგრამ საბოლოოდ ოქროს მედალი მაინც საქართველოში დარჩა. ცირეკიძემ ყაზახებთან - რომან მელიოშინთან და დოსიან კარტიკოვთან, თანამემამულე უჩა ჩიტიაშვილთან და კიდევ ერთ ყაზახთან, აშატ დილმუხამედოვთან ლამაზი გამარჯვებები იზეიმა. საპრიზო სამეულში მესამე ადგილით გენადი გოგიშვილი შევიდა.
55 და 66 კილოგრამებში ქარ¬თველმა გულშემატკივრებმა უცხოური ფინალები იხილეს. ამ წონებში ნაკრებმა ლიდერები – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ოთარ თუშიშვილი მოისაკლისა. ხინჩეგაშვილს თვის ბოლოს ახალგაზრდული ევროპირ¬ველობა ელის და ასაკობრივი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ ეტაპზე ზედმეტი დატვირთვისგან თავის შეკავება ურჩია, თუშიშვილი კი “ოქროს გრან-პრის” მიღმა რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე მიღებულმა მცირე ტრავმამ დატოვა. სამწუხაროდ, ამ წონებში ნაკრების კანდიდატთაგან მედლის მოპოვება მხოლოდ შალვა მუზიაშვილმა (66 კგ) მოახერხა. ფინალის გზა მას მსოფლიოს ჩემპიონმა, ირანელმა მეჰდი კერმანი ტაგავიმ გადაუღობა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ოქროს მედალს დაეუფლა, მუზიაშვილმა კი ბრინჯაო იკმარა. უმსუბუქეს წონაში ბულგარელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, გენადი ტულბეამ მონაკოს დროშის ქვეშ იჭიდავა და ლამის ერთი ამოსუნთქვით დაეუფლა ოქროს მედალს.
კლასიკოსთა მძიმე წონის ფინალში ირანელმა ამირ ალიაკბარმა ოთარ ბოლქვაძე დაჩაგრა. იქამდე კი შოთა გოგისვანიძეს, დიმიტრი ჯავახიშვილსა და გურამ ფერსელიძეს დაასრულებინა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი. ნაკრების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატ რევაზ ჭელიძეს კი მეოთხედფინალში, ფერსელიძემ აჯობა.
იმის მიუხედავად, რომ თბილისის საერთაშორისო ტურნირს აქამდე არნახული სტატუსი მიენიჭა და რაც მთავარია, დასწრებაც უფასოა, გუშინ და გუშინწინ, სპორტის სასახლის ტრიბუნების ერთი მეოთხედიც კი არ შეივსო. დილის პროგრამას სულაც, 500-მდე მაყურებელი ესწრება და მათგან თანამემამულე მოჭიდავეთა გამხნევება მხოლოდ ირანელ გულშემატკივრებს თუ ახსენდებათ. ამ ქვეყნის ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობითაა ჩამოსული, ამასთან ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციითაც – 31 კაცით. ქომაგები კი საქართველოში მცხოვრები ირა¬ნელები არიან და თუ ქართულ-ირანულ ფინალებს არ ჩავთვლით, ამ ორ დღეში სტუმარმა ქომაგებმა მასპინძლები აშკარად დაჩაგრეს.
ხუთ ივნისს ქართულ შემადგენლობებს რამდენიმე ტიტულოვანი წევრი გამოაკლდა. ძირითადად ტრავმების გამო. თავისუფალი სტილის მიმდევრებმა მძიმეწონოსნები – ალექსი მოდებაძე, დავით ოთიაშვილი, გიორგი ნიკურაძე და გიორგი საკანდელიძე მოისაკლისეს. ბერძენ-რომაელებმა – რამაზ ნოზაძე (96 კგ).
თავისუფალთა 60 კილოგრამში საქართველოს ნაკრების 2 უმთავრესი კანდიდატი: მალხაზ ზარქუა და მალხაზ ქურდიანი ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა. ფინალის საგზური ქურდიანმა მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი საოცარი შემართებით იჭიდავა და მსოფლიოს ჩემპიონსა და პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ საედ მოჰამადის შანსი არ დაუტოვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქართველის მიერ მეორე სეტის ბოლო წამებზე აღებული ქულა იყო, რომლითაც ქურდიანმა ჩემპიონობა გაინაღდა. ზარქუამ კი ყაზახი აბლაი ტელტაევი დაამარცხა და მე-3 ადგილი დაიკავა.
ქართულ-ირანული ფინალი შედგა თავისუფალი სტილის მძიმე წონაშიც. ლევან ბერიანიძე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორს, ფარიდ მასუმი ვალადს დაუპირისპირდა და შეძლებისდაგვარად შეებრძოლა კიდეც, მაგრამ ვერაფერს გახდა. თუმცა პირველი სეტი ირანელმა კენჭისყრით მოიგო. ფინალამდე ბერიანიძემ კიდევ ერთი ირანელი, დავუდ აჰმადი ჩამოიცილა, მასუმი ვალადიმ კი ნახევარფინალში დავით მოძმანაშვილს აჯობა.
2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნებული მოძმანაშვილისგან პირველ “საერთაშორისო ოქროს” გულშემატკივარი ამჯერადაც ამაოდ ელოდა. ნიჭიერ მძიმეწონოსანს ჩვეულ ფორმამდე ჯერაც საკმაოდ ბევრი რომ აკლია, კარგად გამოჩნდა. მოძმანაშვილმა სულ 3 შეხვედრა ჩაატარა და უშუალოდ ჭიდაობისას ქულის აღება ერთადერთხელ შეძლო – რეპეშაჟის ფინალში, კანადელ არიან ბულართან.
მოულოდნელობა იყო მანუჩარ ცხადაიას (66 კგ) უტიტულოდ დარჩენაც. საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ტრავმიანობის შემდეგ, პირველ ტურნირზე იჭიდავა და როგორც გამოჩნდა, ჯერ სასურველი კონდიციებისგან შორს დგას – ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა და ტარიელ ებრალიძესთან 2 სეტში დამარცხდა. ფინალამდე მისვლა ვერც ებრალიძემ შეძლო და ცხადაიას რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა. ამ წონაში მასპინძელთაგან მხოლოდ ანტონ მამაგეიშვილი ავიდა კვარცხლბეკზე და ისიც მესამე საფეხურზე.
96 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა, ოღონდ ერთი სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობდა და ჩემპიონიც სწორედ ის გახდა. დავით სალდაძემ, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინის სახელით იხვეჭდა მედლებს, ამჯერად უზბეკები გაახარა. გადამწყვეტი გამარჯვება მან თავისზე ორჯერ უმცროს და გამოუცდელ ვასილი იმერლიშვილთან მოიპოვა. იქამდე კი ფინალის გზა იოსებ ჯაბიძესა და სერგო ნინუასაც გადაუღობა. რეპეშაჟის ფინალში სწორედ ჯაბიძე და ნინუა დაეჭიდნენ ერთმანეთს და ჯაბიძემ იმარჯვა.
უმსუბუქეს ბერძენ-რომაელებს შორის კიდევ ერთი ქართულ-ირანული ფინალი გაიმართა და მასპინძელთათვის სასურველი შედეგით დასრულდა. ლაშა გოგიტაძემ მოუსენ ჰაჯიპური 2 სეტში დაჩაგრა. ბრინჯაოს მედალს ზურაბ კეკელიძე დაეუფლა, მინდია წულუკიძის ძლევით.
“ოქროს გრან-პრის” ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 1500-1500 დოლარი მიიღეს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებმა – 800 და 500 დოლარი.
დღეს მედლები ბერძნულ-რომაულში 60 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო თავისუფალში – 74 და 84 კილოგრამებში. წინასწარი შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება. ფინალური ბრძოლების დაწყების დრო კი წინასწარ არავინ იცის, რადგან დასკვნით დღეს შესვენება არ იგეგმება და ოთხივე წონა ერთი ამოსუნთქვით ჩაჭიდავდება.
ოქროს გრან-პრი
თბილისი
5 ივნისი
თავისუფალი
60 კგ
1 მალხაზ ქურდიანი (საქართველო)
2 საედ მოჰამადი (ირანი)
3 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
3 იოგეშვარ დუტი (ინდოეთი)
120 კგ
1 ფარიდ მასუმი ვალადი (ირანი)
2 ლევან ბერიანიძე (საქართველო)
3 დავით მოძმანაშვილი (საქართველო)
3 დავუდ აჰმადი (ირანი)
ბერძნულ-რომაული
55 კგ
1 ლაშა გოგიტაძე (საქართველო)
2 მოუსენ ჰაჯიპური (ირანი)
3 ზურაბ კეკელიძე (საქართველო)
3 აკბარ კუზიევი (უზბეკეთი)
66 კგ
1 აიბეკ იენსეხანოვი (ყაზახეთი)
2 ომიდ ნოროზი (ირანი)
3 ანტონ მამაგეიშვილი (საქართველო)
3 დარხან ბაიახმეტოვი (ყაზახეთი)
96 კგ
1 დავით სალდაძე (უზბეკეთი)
2 ვასილ იმერლიშვილი (საქართველო)
3 იოსებ ჯაბიძე (საქართველო)
3 მოჰამად აკბარი (ირანი)
6 ივნისი
თავისუფალი
55 კგ
1 გენადი ტულბეა (მონაკო)
2 ნამიკ სევდიმზადე (აზერბაიჯანი)
3 რაჰულ ავარე (ინდოეთი)
3 იური ლედენევი (უკრაინა)
66 კგ
1 მეჰდი კერმანი ტაგავი (ირანი)
2 ჰაისლან გარსია (კანადა)
3 შალვა მუზიაშვილი (საქართველო)
3 ჟირაირ ოგანესიანი (სომხეთი)
96 კგ
1 გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
2 ბელდუხ გავაშელიშვილი (საქართველო)
3 დავით ქერაშვილი (საქართველო)
3 კენან გორი (თურქეთი)
ბერძნულ-რომაული
74 კგ
1 გიორგი ცირეკიძე (საქართველო)
2 აშატ დილმუხამედოვი (ყაზახეთი)
3 გენადი გოგიშვილი (საქართველო)
3 რომან მელიოშინი (ყაზახეთი)
120 კგ
1 ამირ ალიაკბარი (ირანი)
2 ოთარ ბოლქვაძე (საქართველო)
3 გურამ ფერსელიძე (საქართველო)
3 მოჰსენ ბეშნიჩი (ირანი)
ოთარ მაღლაკელიძე