ფეხბურთი

15:41 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

17, 19, 21 და ეროვნული – მკვეთრი განსხვავება შედეგში და თამაშშიც

თითქოს უკვე მივეჩვიეთ, რომ ქართველი ჭაბუკები ძლიერები არიან და ევროპას თავს აცნობენ, შემდეგ კი, როცა ზედა ეშელონზე გადასვლის დრო დგება, ვეღარ იზრდებიან. ეს რამდენიმე მიზეზის გამო: 1. შრომა ეზარებათ და გართობას მეტ დროს ანდომებენ; 2. საქართველოს ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ; 3. უცხოეთში გასინჯვებზე დაჰყავთ, სადაც როგორც წესი, იშვიათად იტოვებენ და დრო უცდებათ.

აქ ისიც სათქმელია, რომ არაევროკავშირელობა ზღუდავთ ქართველ ფეხბურთელებს. არის ქვეყნები, სადაც არაევროკავშირელი რომ აიყვანოს კლუბმა, სამჯერ მეტი ხელფასი უნდა გადაუხადოს, ვიდრე თავისიანს. ფულის ხარჯვას კი ერიდებიან. გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელს კანონით პროფესიული კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს.

ქართველის აყვანას ისედაც ერიდებიან და რატომ: გადახედავენ ეროვნულ ნაკრებისა და კლუბების გამოსვლებს და იფიქრებენ, ასეთ სუსტ ქვეყანაში რა ფეხბურთელი უნდა გაზრდილიყო? მაგალითად, ასაკობრივ ნაკრებებში ქართველებს ბელგიაზე და ავსტრიელებზე კარგი შედეგი აქვთ. რეალურად, რიგითი 18-19 წლის ქართველი ავსტრიელს სჯობს და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ქართველი და ავსტრიელი ერთდროულად მიდიან რომელიმე კარგ გუნდში გასინჯვაზე. უპირატესობას მაინც ავსტრიელს მიანიჭებენ, რადგან ჯერ ერთი, ის ევროკავშირელია და მეორეც, მოქმედებს ეროვნული ნაკრების პრესტიჟი – ის კლუბის პრეზიდენტიც ფიქრობს, რომ ავსტრიელისგან უფრო მეტ ხეირს ნახავს, ვიდრე ქართველისგან. ეჭვით გიყურებენ.

რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მეგა-ტალანტთან გვაქვს საქმე. 

ახლა კი, საქართველოს ეროვნული, 21-წლამდელების, 19-წლამდელებისა და 17-წლამდელების სტატისტიკას შემოგთავაზებთ, რომელიც ბოლო 2 წლის მონაცემებითაა შედგენილი. და რამხელა განსხვავებაა ეროვნულსა და ახალგაზრდულებს შორის, თავად დარწმუნდებით. სამივე ასაკობრივ ნაკრებს მოგება-წაგებების გრაფაში დადებითი შედეგი აქვს, ეროვნულს კი – მკვეთრი მინუსი.

უფრო გამჭვირვალე რომ გახდეს, ცალკე დავწერთ ოფიციალურების და ცალკე – ამხანაგურების სტატისტიკას.

ეროვნული (თემურ ქეცბაია)

ოფიციალური:        8 1 2 5 3:10

ამხანაგური:             8 3 1 4 8:13

სულ:                           16 4 3 9 11:23

 

21-წლამდელები (ალექსანდრე ჩივაძე)

ოფიციალური:        7 4 1 2 10:11

ამხანაგური:             6 4 1 1 15:4

სულ:                            13 8 2 3 25:15

 

19-წლამდელები (ოთარ კორღალიძე, კახა კაჭარავა, გია ცეცაძე, ვასილ მაისურაძე)

ოფიციალური:    12 5 3 4 18:16

ამხანაგური:         15 7 2 6 23:20

სულ:                      27 12 5 10 41:36

 

17-წლამდელები (ვასილ მაისურაძე, გიორგი დევდარიანი, ნოდარ აკობია)

ოფიციალური:        16 8 2 6 21:14

ამხანაგური:             16 9 2 5 32:26

სულ:                            32 17 4 11 53:40

აქ კიდევ ერთი, მთავარი მომენტია: ამ ახალგაზრდულებისა და ეროვნული ნაკრებების სათამაშო მონახაზი მიახლოებითაც კი არ ჰგავს ერთმანეთს. მაისურაძე, კორღალიძე, ჩივაძე, დევდარიანი და ცეცაძე შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებდნენ გუნდებს, ეროვნულში კი პირიქითაა. სჯობს, ეს დალაგდეს, რათა ახალგაზრდებიდან ეროვნულში დაწინაურებულ ფეხბურთელს თამაში ოდნავ მაინც გაუადვილდეს და საწვალებლად არ გაუხდეს საქმე.

0.288858