კალათბურთი

21:42 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ვულოცავ მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრიასთან (98:73) მატჩი შეაფასა. ბერძენი სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე გასვლა მიულოცა.

“პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს. სერბეთთან ძლაიან ცუდი საღამოს შემდეგ ჩვენ დღეს ვითამაშეთ აგრესიულად, კონცენტრირებულები ვიყავით გუნდურად და კმაყოფილი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთულ მომენტებში ერთად ვიყოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს გუნდს, გულშემატკივრებს და იმედია, მომდევნო მატჩებშიც გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ძალიან ცუდი მატჩის შემდეგ და მოთამაშეებს დიდი სტრესის შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

ახლა უნდა მოვემზადოთ მომდევნო ფანჯრისთვის. ბედნიერი ვიქნები თუ უძლიერესი შემადგენლობით შეკრებას მოვახერხებთ. ისევ ვიმეორებ, შენგელიას, შერმადინის ძალიან გრძელი სეზონი ჰქონდათ, მარკოიშვილი ტრავმირებულია. ჩვენ გვყავს პერსპექტიული მოთამაშეები, მაგალითად სანდრო მამუკელაშვილი. ტად მაკფადენი საერთოდ პირველად იყო ჩვენთან ერთად, ხოლო ცინცაძე და სანაძე საუკეთესო ფორმაში არ არიან, რადგან ტრავმები ახლახან მოიშუშეს.

გოგა ბითაძე ძალიან პერსპექტიულია. მას აქვს ტალანტი და შეუძლია, რომ მომავალში NBA-ში ითამაშოს. ის ყოველ თამაშში უმატეს, ძალიან სწრაფი და შედეგიანია. ასევე მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი. ეს ქართული კალათბურთის მომავალია და აუცილებელია, რომ ისინი იყვნენ ნაკრებში, რადგან მიიღებენ გამოცდილებას მომდევნო სამი შეკრების შედეგად.

იმედია, მომდევნო ფანჯრის დროს სრული შემადგენლობით ვიქნებით. კალათბურთი არაა კარგი თუ უძლიერესი კალათბურთელები არ იქნებიან მოედანზე. განსაკუთრებით, გულშემატკივრებისთვის.

კალათბურთში ადვილი თამაში და მეტოქე არ არსებობს. საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც 6 მოგებით გადმოვიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. ევროლიგიდან ბევრი მოთამაშე ჰყავს და ძლიერი მოწინააღმდეგეა. სერბეთისა და გერმანიის ძალა უკვე ვიცით. ყველა რტული მეტოქე იქნება. ვიმედოვნებ, ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით. დიდი მადლობა და ყველას ბედნიერ დასვენებას გისურვებთ", - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრილა (2 მოგება, 4 წაგება) და მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, რომელიც მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 24 თებერვალს დასრულდება.

0.120585