ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. “სელესაომ” მერვედფინალურ სტადიაზე მექსიკის ნაკრები ერთი შეხედვით მძიმედ, მაგრამ რეალურად საკმაოდ ადვილად დაამარცხა.
ბრაზილიამ 2:0 მოიგო, თუმცა ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. “პენტაკამპეონები” მთელი თამაში დომინირებდნენ და შეიძლებოდა გაცილებით დიდი სხვაობაც დაეფიქსირებინა. მექსიკამ მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა ოდენ საწყის წუთებში გაუწია, ხოლო პირველი ტაიმის შუაწელიდან ბრაზილიელებმა ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა და სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყეს. რომ არა გილერმო ოჩოა, ანგარიში ანტრაქტამდეც გაიხსნებოდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისშივე ტაბლოზე ორი ნულიანი აღარ ეწერა.
ვილიანი საჯარიმოში შეიჭრა და კარის გასწვრივ ჩინებული გადაცემა გააკეთა. გაბრიელ ჟესუსმა ბურთი ვერ ჩაჭრა, მაგრამ იქვე იყო ნეიმარი, რომელმაც ცარიელ კარში მარტივად გაიტანა. მექსიკაც სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ კარლოს ველას ერთ სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, მეტი ვერაფერ გააწყო, ხოლო საპასუხოდ, ბრაზილია ცდას არ აკლებდა მეორე გოლის გასატანად. გაიტანა კიდეც, ოღონდ ბოლოსკენ.
სხვათა შორის, ძალიან გავდა პირველ გოლს – ამჯერად, საჯარიმოში ნეიმარი შეიჭრა, რომელმაც კარგი პასით ცარიელ კარში რობერტო ფირმინოს გაატანინა და მატჩიც დასრულდა – 2:0.
სხვათა შორის, მექსიკის ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდა მუნდიალის ნახევარფინალში. ამასთან, უშუალოდ ბრაზილიასთან მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე მოუგებელი და თანაც, უგოლო შეხვედრა ჩაატარა. ასე რომ, “აცტეკებისთვის” მუნდიალი დასრულდა და სამომავლოდ ამ ჩემპიონატიდან ოდენ გერმანიის ნაკრების დამარცხება თუ გაახსენდებათ ტკბილად.
ბრაზილიის ნაკრები აგრძელებს დომინირებას და აშკარად ჩანს, რომ “სელესაო” ფავორიტთა ფავორიტია. ტიტეს გუნდი შედეგბსაც აჩვენებს და რაც მთავარია, თამაშის ხარისხიც მაღალი დონისაა. სამხრეთ ამერიკელები მეოთხედფინალში მეტოქეს დაელოდებიან, რომელიც ცოტა ხანში გაირკვევა ბელგიისა და იაპონიის შეხვედრაში.
ბრაზილია – მექსიკა 2:0 (0:0)
სამარა, “სამარა არენა”
მაყურებელი: 41 970
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, ფილიპე ლუისი; კაზემირო, პაულინიო (ფერნანდინიო 80); ვილიანი (მარკინიოსი 90), კოუტინიო (ფირმინო86), ნეიმარი; გაბრიელ ჟესუსი
მწვრთნელი: ტიტე
მექსიკა (4-3-3): ოჩოა; ალვარესი (ჯონათან დოს სანტოსი 55), აიალა, სალსედო, გალიარდო; ერერა, მარკესი (ლაიუნი 46), გუარდადო; კარლოს ველა, ჩიჩარიტო (ხიმენესი 60), ლოსანო
მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო
გოლები: 1:0 ნეიმარი (51), 2:0 ფირმინო (88)
გაფრთხილება: ფილიპე ლუისი (43), კაზემირო (59) – ალვარესი (38), ერერა (55), სალსედო (77), გუარდადო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 13 (1) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნეიმარი (ბრაზილია)