ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსი” უკვე თვეზე მეტია რაც დატოვა. თუმცა, ოფიციალურად კონტრაქტი “ბებერ ქალბატონთან” დღეს, 30 ივნისს ამოეწურა.
ამასთან დაკავშირებით 40 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში წერილი განათავსა, რომლითაც “იუვენტუსს” დაემშვიდობა.
“ბიანკონერიში” გატარებული 17 წელი ოფიციალურად დღეს დასრულდა. მეგობრობის, გუნდელობის, ცრემლების, გამარჯვებების, დამარცხებების, ტიტულების, სიტყვების, იმედგაცრუებების, ბედნიერების და ბევრი, უამრავი ემოციის 17 წელი. არასდროს არაფერს დავივიწყებ და ყოველთვის ჩემთან ერთად ვატარებ”, - დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წლიდან თამაშობდა, ხოლო 2012 წლიდან გუნდის კაპიტანი იყო. ჯიჯიმ ტურინელთა რიგებში 9-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ იტალიის თასი, ხოლო 5-ჯერ იტალიის სუპერთასი და გუნდის ღირსება 656 მატჩში დაიცვა. სამჯერ კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
როგორც ცნობილია, ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ვეტერანი მეკარე, რომელიც ხვალიდან თავისუფალი აგენტი გახდება, პსჟ-სთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.