ჭადრაკი

11:32 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილიXIV)

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

XIX ოლიმპიადა

ზიგენი, 1970 წლის 5 - 27 სექტემბერი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ზიგენში 64 ქვეყნის მოჭადრაკეთა ნაკრები ჩავიდა. ტურნირის ორგანიზატორებს 60 გუნდის მონაწილეობა ჰქონდათ განსაზღვრული, აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ 4 გუნდი ზედმეტი იყო: სამ მათგანს - საფრანგეთის, ვენესუელისა და ეკვადორის გუნდებს მონაწილეობა იმ საბაბით ეთქვათ, რომ მათ სროულად არ წარადგინეს განაცხადები. მაყურებლის როლში აღმოჩნდა არგენტინის ნაკრებიც, თუმცა ამ უკანასკნელს პანამელებმა დაუთმეს თავიანთი ადგილი ტურნირში.

ოლიმპიადა „ზიგერლანდჰალეში“ ტარდებოდა, რომელიც 2500 მაყურებელზე იყო გათვლილი. ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ სხვა შენობებშიც ადევნებდნენ ჭადრაკის მოყვარულები თვალს პარტიებს.

გუნდებსა და დელეგაციებს ზიგენის სასტუმროები ვერ იტევდა, ამიტომ მათი ნაწილი მეზობელი ქალაქების სასტუმროებში იყვნენ დაბინავებულები და იქიდან ავტობუსებით დაჰყავდათ.

60 გუნდი 6 ნახევარფინალურ ჯგუფში გაანაწილეს, საიდანაც მთავარ ფინალში ორ-ორი საუკეთესო გადიოდა.

ჩემპიონი საბჭოთა ნაკრები კვლავ ფავორიტი გახლდათ: ბორის სპასკი, ტიგრან პეტროსიანი, ვიქტორ კორჩნოი, ლევ პოლუგაევსკი, ვასილი სმისლოვი, ეფიმ გელერი. ამ გუნდმა პირველ ნახევარფინალურ ჯგუფში ცხრავე შეხვედრა მოიგო, აქედან 4 მათგანი მშრალად (4:0). საბჭოელებმა 31 ქულა დააგროვეს, მათთან ერთად ფინალის საგზური ესპანელებმა მოიპოვეს 28,5 ქულით.

მეორე ნახევარფიბალურ ჯგუფში 31,5 ქულით პირველ ადგილზე იუგოსლავიის გუნდი გავიდა, მეორე საფეხურზე - კანადის ნაკრები (23 ქულა).

მესამე ნახევარფინალური ჯგუფიდან ფინალისტებს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და აშშ-ს ნაკრებები შეუერთდნენ, მეოთხედან - რუმინეთისა და უნგრეთის, მეხუთედან - არგენტინისა და ჩეხოსლოვაკიის, ხოლო მეექვსედან გფრ-ს და ბულგარეთის გუნდები.

ფინალური ეტაპი დაძაბულად წარიმართა. დაუმარცხებლად მხოლოდ ორმა გუნდმა განვლო: საბჭოთა და იუგოსლავიის ნაკრებებმა. მათი ურთუიერთშეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. საბოლოოდ, საბჭოთა ნაკრებმა 11 შეხვედრიდან 7 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, დააგროვა 27,5 ქულა და შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული.

იუგოსლავიელებმა(სვეტოზარ გლიგორიჩი, ბორისლავ ივკოვი, მილან მატულოვიჩი, ალექსანდრ მატანოვიჩი, ბრუნო პარმა, დრაგოლიუბ მინიჩი) უფრო მეტი - 8 შეხვედრა მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს, თუმცა მოგებულ შეხვედრებში მხოლოდ 2,5-2,5 ქულას აგროვებდნენ და საბოლოოდ 26 ქულით... მესამე ადგილზე გავიდნენ. მათ მხოლოდ ნახევარი ქულით გადაუსწრეს უნგრელებმა (ლაიოშ პორტიში, ლევენტე ლენდიელი, იშტვან ბილეკი, დიეჟე ფორინტოში, იშტვან ჩომი, ზოლტან რუბლი), რომლებმაც საბჭოელებთან ფრედ (2:2) ითამაშეს. საინტერესოა, რომ უნგრელებმა იუგოსლავიელებთან 1,5:2,5 წააგეს.

საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ აშშ-ს ნაკრების წარმომადგენლები (რობერტ ფიშერი, სამუელ რეშევსკი, ლარი ევანსი, პალ ბენკო, უილიამ ლომბარდი, ედმარ მედნისი). მათ ფინალურ ეტაპზე 5 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და ამდენივე წააგეს: საბჭოელებთან (1,5:2,5), უნგრელებთან (1,5:2,5) და გდრ-ს გუნდთან (1,5:2,5).

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ფიდეს გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც ამ ორგანიზაციის ახალი და რიგით მესამე პრეზიდენტი აირჩიეს - ჰოლანდიელი მაქს ეივე.

XX ოლიმპიადა

სკოპიე, 1972 წლის 18 სექტემბერი - 13 ოქტომბერი

პირველად, მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადები ერთდროულად ჩატარდა. იუგოსლავიურ სკოპიეში, სპეციალურად ტურნირისათვის ოლიმპიური სოფელი ააშენეს, რომელიც 80 კოტეჯი და თანამედროვე სასტუმრო „პანორამისგან“ შედგებოდა. ასევე სამი პავილიონი იყო განკუთვნილი მოჭადრაკეებისათვის - ერთ მათგანში ქალები თამაშობდნენ, დანარცენ ორში - მამაკაცები. იუგოსლავიის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.

სკოპიეში მამაკაცთა ოლიმპიადაზე 63 გუნდი შეიკრიბა, მათ შორის 40 დიდოსტატი და რამდენიმე ათეული საერთაშორისო ოსტატი. საბჭოთა ნაკრებს მსოფლიოს ექსჩემპიონი ტიგრან პეტროსიანი კაპიტნობდა. მის გარდა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ვიქტორ კორჩნოი, ვასილი სმისლოვი, მიხეილ ტალი, ანატოლი კარპოვი, ვლადიმირ სავონი.

არ იყო ბორის სპასკი, რომელმაც ოლიმპიადამდე მცირე ხნით ადრე დაასრულა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩი ამერიკელ რობერტ ფიშერთან. ეს უკანასკნელი ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის 150 ათას დოლარს ითხოვდა და უარი რომ მიიღო, შინ დარჩა. 20-20 ათასდოლარიან ჰონორარებს ითხოვდნენ ლომბარდი და ევანსი. არც ისინი დაუკმაყოფილებიათ და ოლიმპიადამაც მათ გარეშე ჩაიარა. არგენტინის ნაკრები კი ნაიდორფის, პანოსა და სანგინეტის გარეშე ჩავიდა იუგოსლავიაში.

შეიქმნა 8 ნახევარფინალური ჯგუფი, საიდანაც ფუნალურ ეტაპზე სსრკ-ს, დანიის, იუგოსლავიის, შვეიცარიის, უნგრეთის, პოლონეთის, გფრ-ს, არგენტინის, ჩეხოსლოვაკიის, ესპანეთის, გდრ-ს, შვედეთის, ბულგარეთის, ჰოლანდიის, აშშ-ს და რუმინეთის გუნდები გავიდნენ.

ფინალურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრების უშუალო კონკურენტი უნგრეთის ნაკრები იყო. მათი ურთიერთშეხვედრა უნგრელი მოჭადრაკეების გამარკვებით დასრულდა 2,5:1,5. ეს იყო საბჭოელთა ერთადერთი მარცხი ოლიმპიადაზე, დანარჩენი შეხვედრები მათ დამაჯერებლად ჩაატარეს, - 14 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. უნგრელებმა კი დასანანი მარცხი იწვნიეს შვედებთან. საბოლოოდ ჩემპიონი კვლავ საბჭოთა ნაკრები გახდა 42 ქულით. უნგრელები (პორტიში, ბილეკი, ფორინტოში, რიბლი, საკსი) მათ ქულანახევრით ჩამორჩნენ, 38 ქულით მესამე ადგილზე მასპინძლები გავიდნენ.

ქალთა რიგიტ მეხუთე ოლიმპიადაზე 16 გუნდი ასპარეზობდა. ნახევარფინალუ ეტაპზე ოთხი 4-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნა, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო აგრძელებდა ბრძოლას ფინალურ ეტაპზე მთავარი პრიზისთვის.

საბჭოთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ალა კუშნირი და ირინა ლევიტინა წარმოადგენდნენ. მათ ნახევარფინალურ ჯგუფში 4 შეხვედრაში მხოლოდ ნახევარი ქულა დათმეს. ფინალურ ეტაპზე კი 7 შეხვედრიდან 6 მოიგეს და მხოლოდ ერთი - ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან შეხვედრა დაასრულეს ფრედ (1:1) და კვლავ დაეუფლნენ მთავარ პრიზს.

გამარჯვებულებს 3,5-3,5 ქულით ჩამორჩნენ რუმინელები და უნგრელები, საბოლოოდ, ვერცხლის მედლები უკეთესი კოეფიციენტის წყალობით რუმინელებს მიაკუთვნეს.

ნონამ თავის დაფაზე 8 პარტიიდან 6,5 ქულა მოაგროვა (5 მოგება, 3 ყაიმი).

გაგრძელება იქნება

0.120245