მსოფლიოს ჩემპიონატზე G ჯგუფში მესამე ტურის მატჩები დასრულდა. ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა (1:0) და 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ტუნისმა კი პირველი ტაიმის წაგების შემდეგ მაინც შეძლო გამარჯვება (2:1).
ლიდერების შეხვედრაში ერთადერთი გოლი ადნან იანუზაიმ ეფექტური დარტყმით 51-ე წუთზე გაიტანა. ადნანისთვის ეს გახლდათ პირველი გოლი ნაკრებში.
მეორე შეხვედრაში კი თავიდან ცენტრალური ამერიკის ნაკრები დაწინაურდა. 33-ე წუთზე პანამელმა შორიდან დაარტყა, თუმცა იასინ მერიას მოხვდა ბურთი, მიმართულება შეიცვალა და მეკარემ ვეღარ მოახერხა სათანადო რეაგირება. მერიას ავტოგოლი მუნდიალის ისტორიაში 50-ე აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში 51-ე წუთზე ფაჰრედინ ბენ იუსუფმა ანგარიში გაათანაბრა და ტუნისელი მოთამაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე საიუბილეო 2500-ე გოლის ავტორი გახდა. ბენ იუსუფს ვაჰბი ხაზრიმ გაუკეთა გადაცემა და 15 წუთის შემდეგ თავადაც გაიტანა გოლი.
ბელგია მერვედფინალში იაპონიას შეხვდება (2 ივლისი). ინგლისი კი კოლუმბიას დაუპირისპირდება (3 ივლისი). 29 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე შესვენება იქნება, 30 ივნისს კი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება: ურუგვაი პორტუგალიას შეხვდება, ხოლო საფრანგეთი არგენტინასთან გაარკვევს ურთიერთობას.