არგენტინის ნაკრები გადარჩა, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე დარჩა. "ალბისელესტესთვის" ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. თუმცა, ამისთვის ხორხე სამპაოლის გუნდს უდიდესი ნერვიულობა და წვალება მოუწია.
86-ე წუთზე, მარკოს როხომ ნიგერიიის ნაკრები გატეხა და არათუ გამარჯევბის, არამედ პლეი-ოფის საგზური მოუტანა თავის ქვეყანას. იქამდე იყო ლეო მესის გოლი, რომელიც პენალტით ვიქტორ მოზესმა გაქვითა. "სუპერ არწივები" თავს დიდებულად იცავდნენ და კონტრშეტევებზეც ჩინებულად მოქმედებდნენ. გერნოტ რორის ბიჭებს რამდენჯერმე შეეძლოთ დაწინაურება, რაც არგენტინის ყველანაირ იმედს დაასამარებდა, მაგრამ აფრიკელებმა მომენტები გაანიავეს.
ბოლოს კი, როხო საჯარიმოში მიატოვეს და "მანჩესტერის" მცველმა ფორვარდივით, ცივსისხლიანად იმოქმედა - 2:1 და არგენტინა მერვედფინალშია!
სამხრეთ ამერიკელებს ეს გამარჯვება არ ეყოფოდათ, პარალელურ შეხვედრაში ისლანდიას ხორვატია რომ დაემარცხებინა. თუმცა, უმოტივაციო და მეორე შემადგენლობით მოთამაშე ბალკანელებმა ისლანდიელებს არაფერი დაუთმეს და დაამარცხეს - 2:1.
ამრიგად, ხორვატია მერვედფინალში დანიას, ხოლო არგენტინა საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. დღევანდელი მატჩების ვრცელ მიმოხილვას კი, ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.