ჭადრაკი

21:58 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილიXIII)

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

XVII ოლიმპიადა

ჰავანა, 1966 წლის 23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი

კაპაბლანკას სამშობლოში, კუბაში 52 ქვეყანა ჩავიდა. მთავარ ფავორიტად ისევ საბჭოთა ნაკრები მიიჩნეოდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ტიგრან პეტროსიანი, ბორის სპასკი, მიხეილ ტალი, ლეონიდ შტეინი, ვიქტორ კორჩნოი, ლევ პოლუგაევსკი.
კვლავ ჩაუდგა რობერტ ფიშერი აშშ-ს ნაკრებს სათავეში. მიდ გარდა ამ ქვეყნის ღირსებას იცავდნენ: რობერტ ბირნი, პალ ბენკო, ლარი ევანსი, უილიამ ედისონი და ნიკოლას როსოლინო.

გუნდები 7 ნახევარფინალურ ჯგუფში გადაანაწილეს: თითო ჯგუფიდან ფინალში ორ-ორი საუკეთესო გადიოდა.

პირველ ჯგუფში საბჭოთა ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა - 7 მატჩი მოიგო და 24 ქულა მოაგროვა. მეორე საგზური ესპანელებმა მიიღეს.

ასევე აბსოლუტური შედეგი „დადო“ მეორე ჯგუფში იუგოსლავიის გუნდმა - 6 შეხვედრაში 21 ქულა მოაგროვა (ჯგუფი 7 გუნდიანი იყო). იუგოსლავიელებთან ერთად ფინალში ისლანდიელები გავიდნენ.

მესამე ჯგუფში აშშ-ს ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი 17,5 ნახევარი ქულით. ამერიკელებმა 6 შეხვედრიდან 4 მოიგეს, ერთში პოლონელებთან 1,5:2,5 წააგეს, მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელებთან კი ფრედ ითამაშეს - 2:2.

მეოთხე ჯგუფიდან ფინალში არგენტინელები და დანიელები გავიდნენ, მეხუთედან - ჩეხოსლოვაკიელები და გდრ-ს გუნდი, მეექვსედან - უნგრელები და მასპინძლები, ხოლო მეშვიდედან - რუმინელები და ბულგარელები.

ფინალურ ეტაპზე საბჭოთა მოჭადრაკეების უპირატესობა აშკარა იყო. მათ 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი - უნგრელებთან დაასრულეს ფრედ - 2:2, ხოლო დანარჩენი მოიგეს. საბოლოოდ საბჭოთა ნაკრებმა 39,5 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს

გამარჯვებულებს 5 ქულით ჩამორჩნენ ამერიკელები, ხოლო უნგრეთის გუნდი 33,5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება პირად შედეგებს, პირველ დაფაზე საუკეთესო ტიგრან პეტროსიანი იყო, რომელმაც 13 შეხვედრაში 11,5 ქულა მოაგროვა, მართალია რობერტ ფიშერის ანგარიშზე 15 ქულა იყო, მაგრამ მას 17 პარტია ჰქონდა ნათამაშევი.

მეორე დაფაზე არგენტინელმა ოსკარ პანომ 14 ქულა მოაგროვა 18 შესაძლებლიდან, მესამეზე მიხეილ ტალს ჰქონდა საუკეთესო შედეგი - 12 ქულა 13 შესაძლებლიდან. რაც შეეხება მეოთხე დაფას, ჰოლანდიელმა კრისტიან ლანგევეგმა 15 პარტიაში 12 ქულა აიღო.

ჰავანამდე გფრ-ს ქალაქ ობერჰაუზენში ქალთა მესამე ოლიმპიადა ჩატარდა, რომელშიც 14 გუნდმა იასპარეზა წრიული სისტემით.

უძლიერესი იყო საბჭოთა ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის, ვალენტინა კოზლოვსკაიას და ტატიანა ზატულოვსკაიას შემადგენლობით.

საბჭოთა მოჭადრაკეებმა 13 შეხვედრიდან 11 მოიგეს (აქედან 9 მშრალად), ფრედ დაასრულეს (1:1) გერმანიიდ დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდთან და 0:2 დამარცხდნენ რუმინელებთან. ამის მიუხედავად, გაფრინდაშვილმა და მისმა გუნდმა 22 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და უახლოეს მდევარს - რუმინეთის გუნდს 2 ქულით გაუსწრეს. მესამე ადგილზე გავიდა გდრ-ს ნაკრები - 17 ქულა.

ნონა პირველ დაფაზე საუკეთესო იყო 9 ქულა 11 პარტიიდან.

XVIII ოლიმპიადა

ლუგანო, 1968 წლის 17 ოქტომბერი - 7 ნოემბერი

შვეიცარიულ ლუგანოში 53 გუნდი შეიკრიბა. ფავორიტი ისევ საბჭოთა ნაკრები რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის შემადგენლობაში მიხეილ ტალი არ იყო. სამაგიეროდ, იყვნენ ტიგრან პეტროსიანი, ბორის სპასკი, ვიქტორ კორჩნოი, ეფიმ გელერი, ლევ პოლუგაევსკი და ვასილი სმისლოვი.

ნახევარფინალურ ჯგუფში საბჭოელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა(7) შეხვედრა მოიგეს აქედან 5 მატჩი მშრალად (4:0), ხოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ ნახევარი ქულა გაატანეს მეტოქეებს.

ასევე აღმავლობით ჩაატარეს შეხვედრები ფინალურ ეტაპზე 13 შეხვედრიდან 11 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 39 ქულით ჩემპიონები გახდნენ. მეორე ადგილოსან იუგოსლავიის გუნდს (სვეტოზარ გლიგორიჩი, ბორისლავ ივკოვი, ალექსანდრ მატანოვიჩი, მილან მატულოვიჩი, ბრუნო პარმა, დრაგოლიუბ ჩირიჩი) 8,5 ქულით გაუსწრეს. მესამე ადგილზე 30 ქულით ბულგარეთის გუნდი გავიდა.

ჭირვეული ფიშერი არ ჩავიდა ოლიპიადაზე სათამაშოდ. აშშ-ს გუნდი (რეშევსკი, ევანსი, ბენკო, რ. ბირნი, ლომბარდი, დ. ბირნი) საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა - 29,5 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ქალთა რიგით მეოთხე ოლიმპიადა 1969 წელს პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში ჩატარდა. ჩემპიონი გუნდის - საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაშო ნონა გაფრინდაშვილთან ერთად ნანა ალექსანდრია გამოჩნდა. მათ გარდა ალა კუშნირიც იყო.

ოლიმპიადის მონაწილე 15 გუნდმა წრიული სისტემით იასპარეზა. საბჭოთა მოჭადრაკეებიდან ერთი პარტიაც არ წაუგიათ გაფრინდაშვილსა და კუშნირს. ნონამ 10 შესაძლებლიდან 9,5 ქულა მოაგროვა, კუშნირმა 9-დან 8,5 ქულა, რაც შეეხება ნანა ალექსანდრიას, - მან 9-დან 8 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი პარტია დათმო. საბჭოთა ნაკრებმა 14 მატჩიდან 13 მოიგო და მხოლოდ უნგრელებთან ითამაშა ფრედ - 1:1. 26 ქულით ნონამ და მისმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და უნგრელებს (მარია ივანკა, ჟუჟა ვეროცი, კაროლინა ჰონფი) 5,5 ქულით გაუსწრეს. მესამე ადგილზე გავიდა ჩეხოსლოვაკიის გუნდი.

გაგრძელება იქნება

0.178229