ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას პანამასთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 5:0 გახლავთ.
პირველი გოლი მერვე წუთზე გავიდა, როდესაც კიერან ტრიპიერმა კუთხურიდან მოაწოდა ბურთი და თავური დარტყმით ჯონ სტოუნსმა ინგლისი დააწინაურა. მე-20 წუთზე ფიდელ ესკობარმა და რომან ტორესმა ჯესი ლინგარდი წააქციეს, ხოლო ჰარი კეინმა პენალტი ზუსტად შეასრულა. 36-ე წუთზე კი თავად ლინგარდმაც გაიტანა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან რაჰიმ სტერლინგთან კომბინაცია გაითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან შორეული დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.
მე-40 წუთზე ინგლისელებმა ჯარიმა შეასრულეს და სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ საჯარიმოში თავით სტერლინგმა ითამაშა, მართალია მეკარემ მისი დარტყმული მოიგერია, თუმცა ბურთი ჯონ სტოუნსს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა. 44-ე წუთზე კი გოდოიმ კეინი საჯარიმოში წააქცია და ინგლისის ნაკრების კაპიტანმაც დუბლი შეასრულა.