გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთი 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. უნდა ითქვას, რომ ბუნდესნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა, რადგან მთელი შეხვედრის განმავლობაში უამრავი მომენტი შექმნა, სკანდინავიელები კი ცდილობდნენ მეტოქე კონტრშეტევაზე დაეჭირა.
პირველი გოლი შევხედრაში 32-ე წუთზე გავიდა, როდესაც ვიქტორ კლაესონმა ოლა ტოივონენს საჯარიმოში გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი მიიღო და ნოიერს თავზე გადაუგდო. პირველ ტაიმში გერმანელები ორივე ფლანგიდან უტევდნენ, თუმცა მასიურმა შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო.
სამაგიეროდ მეორე ნახევარი დაიწყო ნაყოფიერად. რამდენიმე შეტევის შემდეგ 48-ე წუთზე ტიმო ვერნერის მარცხენა ფლანგზე აქტიურობის შემდეგ ბურთი საჯარიმოში მარკო როისს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. გერმანელები ამით რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდნენ და კვლავ უტევდნენ, შვედების დაცვა კი გაუვალი იყო.
82-ე წუთზე ჟერომ ბოატენგმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, თუმცა გერმანიას აღნიშნული შეტევებზე არ დაეტყო. მატჩის ბოლოსკენ ჯერ გომესს ჰქონდა შანსი თავური დარტყმით, თუმცა მეკარემ ლამაზი ნახტომით მოიგერია ბურთი. შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა იულიან ბრანდტმა დაარტყა საჯარიმოს გარედან და შვედეთი ძელმა იხსნა.
შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლო წამებზე გერმანიას ჯარიმის დარტყმის საშუალება მარცხენა ფლანგიდან მიეცა, რომელიც ტონი კროოსმა მარკო როისთან გაითამაშა და შორეულ კუთხეში ბურთი ლამაზი ტრაექტორიით გადაგზავნა.
ამრიგად, გერმანიამ მატჩი გადაარჩინა და სამი ქულა მოიპოვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გერმანიამ მუნდიალზე პირველი ტაიმის წაგების შემდეგ თამაშის შემოტრიალება ბოლო ცხრა შეხვედრიდან (3 ფრე, 5 წაგება) პირველად შეძლო. აღნიშნული ბოლოს 1974 წელს მოახერხა და მაშინაც შვედეთი დაამარცხა (4:2). იოახიმ ლიოვის გუნდი შემდეგ შეხვედრას აუტსაიდერ სამხრეთ კორეასთან გამართავს, ხოლო შვედეთი ჯგუფის ლიდერს, მექსიკის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
გერმანია - შვედეთი 2:1 (0:1)
სოჭი, "ფიშტი"
გერმანია: ნოიერი, რუდიგერი, ბოატენგი, ჰექტორი (ბრანდტი 87), კიმიხი, რუდი (გუნდოგანი 31), დრაქსლერი (გომესი 46), კროოსი, მიულერი, ვერნერი, როისი
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
შვედეთი: ოლსენი, ლუშტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ეკდალი, კლაესონი (დურმაზი 74), ფორსბერგი, ბერგი (ტელინი 90), ტოივონენი (გუიდეტი 78)
მთავარი მწვრთნელი: იანე ანდერსონი
გოლი: 0:1 ტოივონენი (32), 1:1 როისი (48), 2:1 კროოსი (90+5)
გაფრთხილება: ეკდალი (52), ბოატენგი (71), ლარსონი (90+7)
გაძევება: ბოატენგი (82)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 16(5) - 8(6): ბურთის ფლობა 71%-29%: კუთხურები 8-3: თამაშგარე 5-2:
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარკო როისი