მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის ბოლო მატჩში შვეიცარიამ სერბეთის ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
პირველი გოლი მეხუთე წუთზე გავიდა, როდესაც ალექსანდრ მიტროვიჩმა დუშან ტადიჩის გადაცემის შემდეგ თავით იან ცომერს შანსი არ დაუტოვა. აღნიშნულ მომენტამდე ცომერმა მიტროვიჩს ბურთი აუღო, თუმცა შემდეგ ეს ვერ მოახერხა. ხუთ წუთში როდრიგესმა ივანოვიჩს აჯობა ფლანგზე და ჩააწოდა, საჯარიმოში კი ჯემაილიმ არაზუსტად დაარტყა.
მეორე ნახევარი კვლავ შვეიცარიის აქტიურობით დაიწყო და 52-ე წუთზე ჯერდან შაჩირის დარტყმის შემდეგ ბურთი სერბეთის ნაკრების ფეხბურთელს მოხვდა და გრანიტ ჯაკას მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მალევე შაჩირის ჰქონდა გოლის გატანის შანსი თუმცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 84-ე წუთზე ემბოლომ საჯარიმოში გავრანოვიჩს უპასა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმული სერბეთის მეკარემ აიღო.
90-ე წუთზე შვეიცარიამ მიზანს მიაღწია, მარიო გავრანოვიჩმა კონტრშეტევის დროს შაჩირი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შემდეგ მატჩს შვეიცარია ჯგუფის აუტსაიდერ კოსტა რიკასთან გამართავს, ხოლო სერბეთი ჯგუფის ლიდერს, ბრაზილიას დაუპირისპირდება.