ფეხბურთი

18:45 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანიელთა სასურველი ქულა (+VIDEO)

დანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალს მიუახლოვდა. აგე ჰარეიდეს გუნდმა მეორე ტურში ავსტრალიის ნაკრებთან არ წააგო და ორი ტურის შემდეგ 4 ქულით კომფორტულ სიტუაციაშია.

ავსტრალიის ნაკრების მდგომარეობა კი რთულადაა, რადგან ბერტ ვან მაარვიკის შეგირდებმა ორ ტურში ოდენ კინკილა ქულა მოიპოვეს. სამარაში გამართული შეხვედრა სკანდინავიელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიცმალევე გაიხსნა.

დანიელთა კარგი კომბინაციის დასკვნით ნაწილში ნიკოლაი იორგენსენი და კრისტიან ერიკსენი მონაწილეობდნენ, რასაც ამ უკანაკსნელის მოხდენილი გოლი მოჰყვა. დანია მერეც აქტიურობდა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, შეტევებს უკლო. საპასუხოდ, ავსტრალია გადადიოდა მეთოდურად მეტოქის ნახევარზე.

ამან შედეგი ტაიმის ბოლოს გამოიღო. იურარი პოულსენმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. ეს მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო და პენალტი დანიშნა. სხვათა შორის, უკვე მეორედ მოხდა, რმ დანიელთა კარში ვიდეორეფერის მეშვეობით პენალტი დაინიშნა, ხოლო ასევე მეორედ ავსტრალიელთა სასარგებლოდ დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი მილე იედინაკმა გოლად აქცია. იედინაკი ავსტრალიის ნაკრების ისტორიაში მეორე ბომბარდირია 3 გოლით მუნდიალის ფინალურ ეტაპზე (საუკეთესო ტიმ კეჰილია 5 გოლით). გარდა ამისა, მილე პირველი ფეხბურთელია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელსაც მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი მუნდიალზე და სამივე პენალტით...

მეორე ტაიმში ავსტრალია უპირატესობას დაეუფლა და 18 წლის არზანის მეშვეობით თამაში რამდენჯერმე გაამწვავა. თუმცა, კარგად ირჯებოდა კასპერ შმეიხელი, რომელიც დამაჯერებული იყო. საპასუხოდ, დანია შეტევას არც სცდილობდა და ძირითადად ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. საბოლოოდ, აგე ჰარეიდეს გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია და 1/8 ფინალს მიუახლოვდა.

დანია – ავსტრალია 1:1 (1:1) VIDEO

სამარა, “სამარა არენა”

მაყურებელი: 40 727

დანია (4-3-3): შმეიხელი; დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, სტრაიგერი; დელანი, შონე, ერიკსენი; პოლსენი (ბრაითვაითი 59), იორგენსენი (კორნელიუსი 68), სისტო

მწვრთნელი: აგე ჰარეიდე

ავსტრალია (4-2-3-1): რაიანი; რისდონი, სეინსბერი, მილიგანი, ბეჰიჩი; იედინაკი, მუი; ლეკი, როგიჩი (ირვინი 82), კრუსე (არზანი 68); ნაბუტი (იურიჩი 75)

მწვრთნელი: ბერტ ვან მაარვიკი

გოლები: 1:0 ერიკსენი (7), 1:1 იედინაკი (38, პენ)

გაფრთხილება: პოულსენი (37), სისტო (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 14 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრისტიან ერიკსენი (დანია)

0.40579