ფეხბურთი

0:43 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქულა ბრძოლაში (+VIDEO)

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ირანის დაცვის ზღუდეები დაარღვია და მიმდინარე მუნდიალზე პირველი თამაში მოიგო. “ყაზან არენაზე” ორი განსხვავებული ტაიმი შედგა, მთლიანობაში კი, დაძაბული, მაგრამ მოსაწყენი თამაში.

პირველ ნახევარში ირანი მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობდა და შეტევისკენ არც გაუხედავს. ამან შედეგი გამოიღო. ერთადერთი, რაშიც ესპანეთს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, ეს ბურთის ფლობა იყო. ფერნანდო იეროს გუნდს 81% ჰქონდა ბურთი, მაგრამ ამის საპირწონედ აზიელთა კარში ერთადერთხელ დაარტყა კარში და ისიც მეტნაკლებად სახიფათოდ. აღსანიშნავია, რომ ისკო ბურთს 138-ჯერ შეეხო ასეთი შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში არცერთ ესპანელ ფეხბურთელს არ ჰქონია.

აი, მეორე ტაიმიც ასეთი სცენარით დაიწყო, მაგრამ 54-ე წუთზე ირანელთა დაცვის ცენტრი ჩავარდა, დიეგო კოშტა დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა. მაგრამ, ესპანელ შემტევს რამინ რეზაიანმა დაასწრო – ირანს ძალიან არ გაუმართლა. მოგერიებული ბურთი კოშტას მოხვდა და კარში აღმოჩნდა. ასე გახსნა ესპანეთმა ანგარიში და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასრულებამდე 35 წუთი რჩებოდა, მეტოქის კარისკენ სახიფათოდ მერე აღარ შეუტევია. სხვათა შორის, კოშტამ მიმდინარე ჩემპიონატზე კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი გაიტანა.

რა უცნაურია, ესპანეთმა დაწინაურების შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი. ამის გამო პირინელები რამდენჯერმე ლამის დაისაჯნენ. ირანს მეტოქის კარში ზუსტად არ დაურტყამს, მაგრამ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა. მაგალითად, მეორე ტაიმის სტარტზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, კარიმ ანსარიფარდიმ ძალიან მცირედით ააცილა კარს, თორემ ესპანეთს გოლისგან ვერავინ გადაარჩენდა.

კარლოს კეირუშის გუნდს შანსები მერეც ჰქონდა. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც მეჰდი თარემი სამი მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ააცილა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფლანგზე ვაჰიდ ამირი ჟერარდ პიკეს ბავშვივით გაუსწორდა.

ირანის ნაკრებმა გოლიც გაიტანა. საედ ეზატოლაჰმა ახლო მანძილიდან საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და აზიელები სიხარულს მიეცნენ. თუმცა, იმავე ეზატოლაჰი გოლამდე თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა... ამის ფონზე, ესპანეთს ნამდვილად არ უთამაშია მაღალ დონეზე. გასაგებია, რომ როდესაც მთელი გუნდი დაცვაში დგას, მისთვის გასაღების მორგება რთულია, მაგრამ როდესაც ანგარიში გაიხსნა, ირანის ნაკრების მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდა. თუმცა, ესპანეთს შეტევა ფაქტობრივად არ უცდია. ამაზე სტატისტიკაც მეტყველეს: კარში მხოლოდ სამჯერ დაარტყეს, აქედან ერთხელ შემთხვევით და სწორედ იმ მომენტში გავიდა გოლი.

სხვათა შორის, დღევანდელ სათამაშო დღეს, სამივე მატჩი 1:0 დასრულდა. ასეთი რამ მუნდიალების ისტორიაში მესამედ მოხდა. პირველად 1982 წლის, 25 ივნისს და მეორედ 2010 წლის, 21 ივნისს. ამასთან, 1954 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საწყისი 20 შეხვედრიდან 0:0 არცერთი არ დასრულებულა.

B ჯგუფში კი ჯერ არაფერი გარკვეულა – ესპანეთსა და პორტუგალიას 4-4 ქულა აქვთ, ხოლო ირანს სამი. შესაბამისად, აზიელებს შანსი ჯერ ისევ გააჩნიათ.

ირანი – ესპანეთი 0:1 (0:0) VIDEO

ყაზანი, “ყაზან არენა”

მაყურებელი: 42 718

ირანი (4-2-3-1): ბიერანვანდი; რეზაეიანი, ჰოსეინი, პოურანიგანჯი, ჰაჯი საფი (მოჰამადი 69); ებრაჰიმი, ეზატოლაჰი; ანსარიფარდი (ჯაჰანბახში 74), თარემი, ამირი (გოდოსი 86); აზმუნი

მწვრთნელი: კარლოს კეირუში

ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა; კარვახალი, პიკე, რამოსი, ჟორდი ალბა; ბუსკეტსი, ინიესტა (კოკე 71); სილვა, ისკო, ვასკესი (ასენსიო 79); დიეგო კოშტა (როდრიგო 89)

მწვრთნელი: ფერნანდო იერო

გოლი: 0:1 დიეგო კოშტა (54)

გაფრთხილება: ამირი (79), ებრაჰიმი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (0 – 17 (3) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ანდრეს კუნია (ურუგვაი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო კოშტა (ესპანეთი)

0.596224