ჭადრაკი

23:35 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილიXI)

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

XIV ოლიმპიადა

ლეიპციგი, 1960 წლის 16 ოქტომბერი-9 ნოემბერი

1960 წელი მდიდარი იყო მოვლენებით ჭადრაკის სამყაროში. ყველაზე საინტერესო მოვლენა გახლდათ ბრძოლა ვაჟთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მიხეილ ბოტვინიკსა და მიხეილ ტალს შორის. ამ უკანასკნელმა იმარჯვა და ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიოს რიგით მერვე ჩემპიონი გახდა. მას მოუთმენლად ელოდნენ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ლეიპციგში.

ტურნირის მიმდინარეობისას, ამ ქალაქში უამრავი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის, გამოფენა „ჭადრაკის 100 წელი“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 140 ბიბლიოთეკა და მუზეუმი მონაწილეობდა. რას აღარ ნახავდით აქ: ძველ, ხისგან, მეტალისაგან, ქვისაგან, ძვლებისაგან დამზადებულ ჭადრაკის ფიგურებს და დაფებს, ნახატებს, სკულპტურებს, ფოტოებს, წიგნებს, ხელნაწერებს.

სულ ლეიპციგში, ოლიმპიადას 80 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა.

თვით ტურნირში საასპარეზოდ გუნდების იმ დროისათვის რეკორდული რაოდენობა (40) ჩავიდა. მათ შორის დებიუტანტებიც იყვნენ: ალბანეთი, ინდონეზია, მალტა და მონაკო. 21-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ ბოლივიისა და ეკვადორის წარმომნადგენლები.

სულ 232 მოჭადრაკე ჩავიდა. აქედან მხოლოდ ერთი იყო სუსტი სქესის წარმომადგენელი: მონაკოს ღირსებას ანა-მარია რენუა შევრიე იცავდა. მისთვის ძნელი აღმოჩნდა მამაკაცებთან პაექრობა: 7 პარტიიდან მხოლოდ ორჯერ მიაღწია ყაიმს, დანარჩენში კი დამარცხდა. ოლიმპიადაზე ყველაზე პოპულარული ფიგურა მიხეილ ტალი იყო.

40 გუნდი 4 ჯგუფში გაანაწილეს, საიდანაც სამ-სამი გუნდი მთავარი პრიზისთვის აგრძელებდა ბრძოლას. რაღა თქმა უნდა, ნახევარფინალურ ჯგუფებში ფავორიტებს პრობლემა არ ჰქონიათ...

ჩემპიონი ჩემპიონურად თამაშობდა. თავის ჯგუფში საბჭოთა მოჭადრაკეებს ერთი პარტიაც არ წაუგიათ - 28 პარტია მოიგეს, 8 - ყაიმით დაასრულეს.

ფინალური ეტაპის მეორე ტურში ცენტრალურ მატჩში საბჭოთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი - იუგოსლავიის გუნდი 2,5:1,5 დაამარცხა. შემდეგ ასეთივე ანგარიშით სძლია ჰოლანდიის გუნდს. სამი ტურის შემდეგ ორხელისუფლიანობა სუფევდა. საბჭოთა და ამერიკულ გუნდებს ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ.

მეოთხე ტურში მოქმედმა ჩემპიონებმა 3:1 სძლიეს უნგრელებს.

ამავე დღეს იუგოსლავიელები აშშ-ს მოჭადრაკეებს ხვდებოდნენ. თავდაპირველად ევროპული გუნდი დაწინაურდა - გლიგორიჩმა რობერტ ფიშერი დაამარცხა. მაგრამ შემდეგ ივკოვმა და ვერტოკმა მარცხი იწვნიეს და გამარჯვება ამერიკელებს დარჩათ.

მეხუთე ტურში უკვე საბჭოელები და აშშ-ს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ტალი-ფიშერის პარტიისკენ. 21-ე სვლაზე მეტოქეები დაზავდნენ. ასეთივე შედეგი კიდევ ორ პარტიაში დაფიქსირდა. მხოლოდ სმისლოვმა გამარჯვების ქულა მოუტანა თავის გუნდს ბისჰაიერთან შეხვედრაში.

საბჭოთა ნაკრებისთვის ძნელი ბრძოლები უკან დარჩა და უკვე ორი ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს.

ბოლოსწინა ტურში რუმინელთა დამარცხების შედეგად, საბჭოთა ნაკრებმა (მიხეილ ტალი, მიხეილ ბოტვინიკი, პაულ კერესი, ვიქტორ კორჩნოი, ვასილი სმისლოვი, ტიგრან პეტროსიანი) ვადამდე გაიფორმა ჩემპიონის ტიტული.

საბოლოოდ მეორე ადგილზე აშშ-ს ნაკრები გავიდა (რობერტ ფიშერი, უილიამ ლომბარდი, რობერტ ბირნი, არტურ ბისჰაიერი, ნიკოლას სოსოლიმო, რეიმონდ უაინსტაინი), ხოლო მესამეზე - იუგოსლავიის ნაკრები (სვეტოზარ გლიგორიჩი, ალექსანდრ მატანოვიჩი, ბორისლავ ივკოვი, მარიო ვერტოკი, მატო დამიანოვიჩი, მილან ვუკჩევიჩი).

გაგრძელება იქნება

0.1415