ფეხბურთი

17:57 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიამ რონალდუს გოლი იმყოფინა

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მოსკოვში, მაროკოს ნაკრებს მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, რომელმაც მე-4 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა. ეს კრიშტიანუს მეოთხე გოლია მიმდინარე მუნდიალზე.

უნდა ითქვას, რომ მაროკოს ნაკრები საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებდა და რამდენჯერმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში აფრიკელებმა ვერ ივარგეს. განსაკუთრებით, ეს მეორე ნახევარზე ითქმის, როდესაც ერვე რენარის გუნდს არაერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი. საპასუხოდ კი, ევროპის მოქმედ ჩემპიონმა ღირებული შეტევაში დიდად ვერაფერი შექმნა. თუმცა, გასაკვირი ამაში არც არაფერია - ეს ხომ ფერნანდუ სანტუშის პორტუგალიაა, რომელმაც ასეთი პრაგმატიზმით ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატი მოიგო...

მაროკოს ნაკრებს კი ორი ტურის თავზე ქულა არ მოუპოვებია და პირველია, რომელმაც მერვედფინალში გასვლის შანსი დაკარგა. აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.115895