რუსეთის ნაკრებს 1/8 ფინალამდე ფორმალობა აშორებს, რომელსაც დრო ეწოდება. დიახ, ეს მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ალბათობით, უკვე დღეს, ურუგვაისა და საუდის არაბეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება. თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, ძნელად სავარაუდოა, რომ მოვლენები სხვანაირად განვითარდეს.
არავინ იცის, რა შედეგს აჩვენებდა სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ნებისმიერ სხვა ჯგუფში, მაგრამ ფაქტი ასეთია: ორივე თამაში დამსახურებულად და დიდი უპირატესობით მოიგო. რამდენიმე რეკორდიც დაამყარა, რაზეც ქვემოთ გიამბობთ.
იქამდე, უშუალოდ მოედანზე შევიხედოთ, სადაც მოჰამედ სალაჰი დაბრუნდა. ეგვიპტის ნაკრების ყველანაირი იმედი “ლივერპულის” შემტევთან ასოცირდებოდა, მაგრამ რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არაა. სალაჰი არ იყო სასურველ ფორმაში და რომც ყოფილიყო, მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ფეხბურთელით ფონს გასვლა ძნელია. პირველი ტაიმი მეტად მოსაწყენი გამოდგა და ოდენ ბრძოლაში გაილია. რა გასაკვირია, რომ გოლი არ გასულა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი სტატისტიკური მონაცემი გამოდგა, რომლის მიხედვით 45 წუთში სალაჰი ბურთს 19-ჯერ შეეხო და ეს გამოდგა ეგვიპტის ნაკრებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
აი, მეორე ტაიმის დაწყება და ეგვიპტელთა უიღბლობა ერთი იყო. უფრო სწორად, კაპიტნის, ფათის ძალიან ცუდი თამაში, რომელმაც უწყინარ სიტუაციაში თავის კარში გაიტანა და რუსებს არაფრისგან ფრთები შეასხა. სხვათა შორის, მიმდინარე მუნდიალი ავტოგოლებით ერთობ მდიდარია. ეს იყო მე-5 გოლი საკუთარ კარში და ამაზე მაღალი მაჩვენებლი ბოლოს 1998 წელს დაფიქსირდა. ექტორ რაულ კუპერის გუნდს კი ამასობაში ორი გოლი ჰქონდა გასაკვირი. თუმცა, კიდევ ორი აქეთ გაუშვა. აფრიკელები გონს უბრალოდ ვერ მოვიდნენ და სამწუთიან იტერვალში ჯერ დენის ჩერიშევმა გაარღვია დაცვის ხაზი, მერე არტიომ ძიუბამ და ყველაფერს ნათელი მოეფინა.
მხოლოდ ამის მერე მოახერხა ეგვიპტემ მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანა და რუსეთმაც უკან დაიხია. მიუხედავად ამისა, “ფარაონებს” საგოლე მომენტების შექმნა უძნელდებოდათ. საბოლოოდ, პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს. სალაჰმა თავისივე გამომუშავებული პენალტი შეაგდო. სხვათა შორის, მომო გახდა მესამე ეგვიპტელი ფეხბურთელი აბდელრაჰმა ფავზისა (1934) და მაგდი აბდელ ელ განის (1990) შემდეგ, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა. გარდა ამისა, სალაჰმა ტრადიცია არ დაარღვია: ზედიზედ მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახერხებენ პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირები გოლის გატანას – 2006 წელს ტიერი ანრი (3 გოლი), 2010 წელს დიდიე დროგბა (1), 2014 წელს ლუის სუარესი (2) და 2018 წელს სალაჰი (1).
მერე, საფინალო სასტვენიც გაისმა, რამაც გვამცნო, რომ რუსეთი ორი ტურის თავზე უდანაკარგოა. სხვათა შორის, რუსებმა ორ მატჩში 8 გოლი გაიტანეს და მაგალითისთვის, 2010 წელს, ჩემპიონმა ესპანეთმა 7 თამაშში მოახერხა 8 გოლის გატანა... გარდა ამისა, მასპინძელ ნაკრებებს შორის, აქამდე ორ თამაშში 8 გოლის გატანა მხოლოდ იტალიას მოეხერხებინა (1934 წელს) და შესაბამისად, რეკორდი გაიმეორა. ამასთან, 2002 და 2014 წლების მუნდიალზე რუსეთის ნაკრებმა ჯამში 6 გოლი შეაგდო და ახლა უკვე მოახერხა ამაზე უკეთესი შედეგის ჩვენება...
რუსეთი – ეგვიპტე 3:1 (0:0) VIDEO
სანქტ-პეტერბურგი, “სანქტ-პეტერბურგ სთედიუმი”
მაყურებელი: 64 468
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი (კუდრიაშევი 86); ზობნინი, გაზინსკი; სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი (კუზიაევი 74); ძიუბა (სმოლოვი 79)
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი
ეგვიპტე (4-2-3-1): ელ შენავი; ფათი, ალი გაბრი, ჰეგაცი, აბდელ-შაფი; ჰამედი, ელნენი (ვარდა 64); სალაჰი, ელ საიდი, ტრეზეგე (ზობჰი 68); მოჰსენი (კაჰრაბა 82)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
გოლები: 1:0 ფათი (47, ა.გ), 2:0 ჩერიშევი (59), 3:0 ძიუბა (62), 3:1 სალაჰი (73, პენ)
გაფრთხილება: სმოლოვი (84) – ტრეზეგე (57)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 12 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: ენრიკე კასერესი (პარაგვაი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დენის ჩერიშევი (რუსეთი)