ფეხბურთი

0:14 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რატომ ენდობა "ემპოლი" ლევან მჭედლიძეს?

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ “ემპოლისთან” კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა და ტოსკანაში 2019 წლის ივნისამდე დარჩება.

ამასთან დაკავშირებით, იტალიურმა მედიამ და კერძოდ, Calciomercato-მ ქართველ ფეხბურთელს პატარა სტატია მიუძღვნა, რომელშიც იმ მიზეზებზეა საუბარი, რის გამოც “ემპოლი” 27 წლის ჩვენებურს ისევ ენდო.

“ვინ იფიქრებდა? ერთი სეზონის შემდეგ, როდესაც სერია B-ში საერთოდ არ უთამაშია, ლევან მჭედლიძემ, ქართველი თავდამსხმელი, რომელიც თითქმის 8 წელია “ემპოლის” წევრია, კონტრაქტი 2019 წლის ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივა.

არჩევანი გულით? – სავარაუდოდ. ტექნიკური არჩევანი? – დანამდვილებით. იმიტომ, რომ ქართველი ფორვარდი “აძურასთვის” (“ემპოლის” მეტსახელი – რედ) ყოველთვის სასარგებლო იყო. მათ შორის, სერია A-ს 2016-2017 წლების სეზონში, როდესაც 15 თამაშში 6 გოლი გაიტანა. თუმცა, ეს არ გამოდგა საკმარისი, რომ “ემპოლის” ქვედა ლიგაში დაქვეითება თავიდან აეცილებინა.

სეზონის შემდეგ, რომელშიც ფაქტობრივად სათადარიგო სკამზეც არ გამოჩენილა, მისი წასვლა გარდაუვალიც გახლდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ტოსკანელთა ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმ ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება, რომელსაც ელიტალურ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ასეთი კი, “ემპოლიში” ამჟამად საკმაოდ ცოტაა. შესაძლოა, ეს ყოფილიყო შეცდომაც.

“ემპოლის” თავდასხმის წყვილს კაპუტო და დონარუმა შეადგენენ, მაგრამ ქართველსაც შეუძლია კონკურენციის გაწევა თუ ფიზიკურად მზად იქნება. გარდა ამისა, სეზონი გრძელია და მწვრთნელისთვის ალტერნატივა აუცილებელია”, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ მძიმე ტრავმა ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში მიიღო და იქედან მოყოლებული არ უთამაშია. ჩვენებური მხოლოდ გასული სეზონის ფინიშზე გამოჯანმრთელდა და რამდენჯერმე სამატჩო განაცხადში მოხვდა. ვიმედოვნებთ, რომ ლევანი ფორმას მალე აღიდგენს, რადგან საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია...

0.132096