მსოფლიოს ჩემპიონატზე პანამის ნაკრები დებიუტის მოლოდინშია. ჩრდილოეთ ამერიკელები დღეს, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერად მიიჩნევიან, მთავარი მწვრთნელი ერნან დარიო გომესი იმედიანადაა განწყობილი.
62 წლის კოლუმბიელმა საინტერესო პირობაც დადო თუ მისი გუნდი ჯგუფიდან გავა:
“ბელგიას რონალდუ და მესი არ ჰყავს, მაგრამ ტექნიკური და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ კარგად შევისწავლეთ მეტოქე და შემიძლია ვთქვა, რომ მის წინააღმდეგ თამაში ურთულესია.
თუ ჯგუფიდან გავალთ, ერთ ბოთლ არაყს ერთი ამოსუნთქვით დავლევ. ჩვენ მზად ვართ, ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება”, - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გომესმა.
პანამისა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მათ გარდა ჯგუფი ინგლისისა და ტუნისის ნაკრებებითაა დაკომპლექტებული.