ფეხბურთი

21:43 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფა მარკესი - მსოფლიოს ჩემპიონატების კაცი

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი რაფაელ მარკესი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ 39 წლის რაფა გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელსაც ხუთ სხვა და სხვა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე აქვს ნათამაშები.

მარკესმა აღნიშნულ შედეგს დღეს, გერმანიასთან (1:0) მატჩში უწია, როდესაც მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა.

მექსიკელს 2002, 2006, 2010, 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.

აქამდე, მსგავსი შედეგით თავს მისი თანამემამულე, მეკარე ანტონიო კარბახალი (1950, 1954, 1958, 1962, 1966) და გერმანელი ლოთარ მათეუსი (1982, 1986, 1990, 1994, 1998) იწონებდნენ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი არსებობს, რომელიც ხუთ მუნდიალზეა ნამყოფი – იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი (1998, 2002, 2006, 2010, 2014), თუმცა ჯიჯის 1998 წელს, საფრანგეთში სათადარიგო მეკარის სტატუსით უწევდა დაკმაყოფილება და არ უთამაშია.

0.116845