სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:33 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ახალი სახე: ტად მაკფადენი ახლო ხედით

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს – ტადუს მაკფადენი. ამერიკელი გამთამაშებელი (188 სმ, 88 კგ), რომელიც ახლახან, 29 მაისს, 31 წლის გახდა. მაკფადენი მაიკლ დიქსონს ჩაანაცვლებს, იმ მაიკლ დიქსონს, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს ორი წლის განმავლობაში თავი ძალიან შეაყვარა. შეიძლება ითქვას, დიქსონს თავი არასდროს დაუზოგავს მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისური ეცვა. მეტიც, ყოფილა მატჩები, რომლებშიც გუნდს უპირობოდ ლიდერობდა. ეს განსაკუთრებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლზე ითქმის, რომელშიც ჩვენი მთავარი იმედიც იყო. მაიკზე ცალკე დავწერთ, იქამდე კი ტადუს მაკფადენის შესახებ ვთქვათ...

ვინ არის ტად მაკფადენი? – ვეცდებით, უფრო ახლო ხედით წარმოგიდგინოთ:

ტადუსი 1987 წლის 29 მაისს, მიჩიგანის შტატში დაიბადა და კალათბურთის თამაში ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. 2005 წელს კი, სენტ კლერის კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც მომდევნო ორი სეზონი დარჩა. 2007-2009 წლებში კი "ფეირმონტ სტეიტის" ღირსებას იცავდა.

2009 წლიდან მაკფადენი უკვე ევროპაში მოღვაწეობს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სახელოვანი კლუბების ღირსებას იცავდა. 2009-2012 წლებში ამერიკელი გამთამაშებელი ჩეხური “ლაბემის” წევრი იყო, სადაც საშუალოდ შეხვედრაში 18.11 ქულას, 4.07 პასს, 2.29 ჩაჭრასა და 4.07 მოხსნას აგროვებდა. მაკფადენის ჩეხური კარიერა 2012 წელს დასრულდა და გერმანულ “ბრაუნშვაიგს” მიაშურა. მისი გერმანული კარიერა ხანმოკლე გამოდგა – 6-თვიანი. ამ დროში ტადუსი საშუალოდ 5.4 ქულას, 1.2 პასს, 1.47 მოხსნასა და 0.33 ჩაჭრას ახერხებდა.

შედეგად, იმავე სეზონის შუაში “ლაბემში დაბრუნდა, სადაც ისევ ძველებურად მაღალ დონეზე ირჯებოდა: 16.43 ქულა 3.5 მოხსნა, 4.0 პასი, 1.29 ჩაჭრა და 0.14 დაფარება.

2013-2014 წლების სეზონი მაკფადენმა კვიპროსის “აპოელში” გაატარა შემდეგი სტატისტიკური მონაცემებით: 13.29 ქულა, 3.42 მოხსნა, 2.58 პასი, 2.21 ჩაჭრა. “აპოელში” მისი კარიერა ერთი წელი გაგრძელდა, მაგრამ კვიპროსი არ დაუტოვებია და მომდევნო ორი წელი ლარნაკას აეკ-ის რიგებში დაჰყო.

აეკ-ში, მაკფადენი ერთ-ერთი ლიდერი იყო. სადებიუტო სეზონში 16 ქულას, ხოლო 2015-2016 წლების სეზონში 18 ქულას, 3 მოხსნას, 3 პასს აგროვებდა. შემდეგი გაჩერება ფრანგული “ნანსი” აღმოჩნდა – 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი.

საფრანგეთიდან საბერძნეთში გადმოინაცვლა და სალონიკის პაოკ-ისთვის დაიწყო გარა, რომელსაც 16 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით ეწეოდა საშუალოდ. პაოკ-ს მაკედონიური “სოკოლი” მოჰყვა (13 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი) და ერთი წლის წინ ბერძნულ “კიმისში” ჩაირიცხა.

საბერძნეთში მას მეტად წარმატებული სეზონი ჰქონდა და ჩემპიონატის საუკეთესო მექულეც გახდა. “კიმისი” მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხდა საბერძნეთის ჩემპიონატაში, აწ უკვე საქართველოს ნაკრების წევრი გამორჩეული იყო: 22 თამაში (717 წთ), 390 ქულა, 64 მოხსნა, 88 პასი, 3 დაფარება და 32 ჩაჭრა.

ტადუსი საშუალოდ მატჩში პარკეტზე 32.6 წუთს ატარებდა და გუნდს 17.7 ქულით, 2.9 მოხსნით, 4 პასით, 0.1 დაფარებითა და 1.5 ჩაჭრით ეხმარებოდა. ამერიკელმა გამთამაშებელმა გასულ სეზონში ორუქლიანების 44.1% (56/127), სამქულიანების 41.6% (67/161) და საჯარიმოების 81.9% (77/94) ჩააგდო, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

დანარჩენი უშუალოდ საქმეში გამოჩნდება, რა, როგორ... გეტყვით, რომ ტადუს მაკფადენი საქართველოს ნაკრების მერვე ნატურალიზებული კალათბურთელია. აქამდე, იგივე გზა გაიარეს შემონდ უილიამსმა, ტაირონ ელისმა, ტორინ გრინმა, მარკიზ ჰეინსმა, ჯეიკობ პულენმა, რიკი ჰიკმანმა და მაიკლ დიქსონმა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით ორ შეხვედრა თბილისში, გერმანიასთან (29 ივნისი) და ავსტრიასთან (2 ივლისი) გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაში დაიწყება ტადუს მაკფადენის ქართული ისტორიის ათვლა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112074