კალათბურთი

23:49 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP და "ბასკონიას" ფინალი!

“სასკი ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია! ბასკურმა გუნდმა ნახევარფინალურ სერიაში 3:1 დაამარცხა “ბარსელონა” და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება 8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა.

“ბასკონიამ” სერიის მეოთხე მატჩი მეტოქის მოედანზე მეტად დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თუ პირველი ტაიმი სტუმრებმა 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს, მეორე ნახევარში კატალონელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და საქმე ოვერ ტაიმზე მიდგა. იქ კი, “ბასკონიამ” იმძლავრა (12:6) და საბოლოოდ მატჩი 88:82 მოიგო. სერიაც ასე დასრულდა – 3:1.

სასიამოვნოა, რომ გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა. ესპანელთა ქართველ კაპიტანს, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე ბადალი მართლაც არ ჰყოლია, თავად განსაჯეთ:

34:35 წუთი, 22 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება. თორნიკემ 4-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი ჰქონდა – 33. შესაბამისად, შეხვედრის MVP გახდა. გარდა ამისა, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც ჩვენებური გამოდგა 22 ქულით.

“ბასკონია” ფინალში მადრიდის “რეალს” შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში “გრან კანარია” 3:0 დაამარცხა.

0.141994