საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა 15 წლის შემდეგ NBA დატოვოს. ამერიკული გამოცემა Thesportster-ი გვთავაზობს სტატიას, რომელშიც 10 კალათბურთელია შესული.
ხსენებულ სტატიაში კი საუბარია იმაზე, რომ თუ ვის ამოეწურა NBA-ში თამაშის დრო. ერთ-ერთი ქართველი ზაზა ფაჩულიაა.
“გოლდენ სტეიტ უორიორზი” ფინალში ზედიზედ მეოთხე წელია თამაშობს. გასულ სეზონში და მიმდინარე სეზონის პლეი-ოფების დაწყებამდე ზაზა ფაჩულია გუნდის სასტარტო ცენტრი იყო. შარშან, კონფერენციის ფინალში კავაი ლეონარდისთან ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც “სან ანტონიოს ლიდერს კარგა ხანი გაუცდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ NBA-ში ასეთ დარღვევებზე სასჯელი გაამკაცრეს.
ფაჩულია წელს საშუალოდ 5.4 ქულას, ხოლო შარშან 6.1 ქულას აგროვებდა. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ფაჩულია “უორიორზის” ცენტრი გახდა ვეტერანის დაბალხელფასიანი კონტრაქტია. როდესაც “გოლდენ სტეიტმა” 2016 წლის ზაფხულში კევინ დურანტი გაიფორმა, უბრალოდ არ შეეძლო კიდევ ერთი მაღალხელფასინი კონტრაქტის გაფორმება. ახლა, როდესაც ახალგაზრდებმა გამოცდილებაც მიიღეს და განვითარდნენ, ფაჩულიას კარიერა “გოლდენ სტეიტსა” და საერთოდ NBA-ში დასრულებულია”, - ასეთია გამოცემის მოსაზრება.
გარდა ამისა, Thesportster.com-ი მიიჩნევს, რომ “უორიორზში” ზაზას შეცვლა ჯორდან ბელს შეუძლია და დასძენს, რომ ქართველი კალათბურთელისგან “გოლდენ სტეიტს” ბევრი არაფერი მიუღია გარდა დაცვაში მოხსნილი ბურთებისა.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან თამაშობს და შემდეგი კლუბების ღირსებას იცავდა:
“ორლანდო მეჯიქი” (2003-2004), “მილუოკი ბაქსი” (2004-2005), “ატლანტა ჰოუქსი” (2005-2013), “მილუოკი ბაქსი” (2013-2015), “დალას მავერიქსი” (2015-2016) და “გოლდენ სტეიტ უორიორზი” (2016-დღემდე). 34 წლის ქართველმა შარშან ბეჭედიც მოიგო და აღნიშნულ ჯილდოსთან წელსაც ერთ ნაბიჯშია.